მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის განვითარებაში - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი

ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, ევროკავშირის განვითარების დონისა და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხის მიღება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს, ეს არის ევროპის დღე. 1950 წლის 9 მაისს დაფუძნდა ევროკავშირი, როდესაც შუმანის შეთანხმებას მოეწერა ხელი და სწორედ აქედან იწყება ევროკავშირის და ზოგადად ევროპის განვითარების ოქროს ხანა, რომელმაც თითქმის 60 წელი გასტანა. სწორედ, ამ მომენტიდან ევროპაში შეუქცევადად დამკვიდრდა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სახელმწიფო და ჩაეყარა საფუძველი უწყვეტ მშვიდობას ევროპაში, რამაც შექმნა მყარი გარანტიები იმისათვის, რომ მუდმივად გაზრდილიყო კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირში და ზოგადად ევროპაში.

მე მახსოვს, ჩემს მიერ ევროპის შუა გულში, დუსელდორფში გატარებული 3 წელი. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე მაშინ, უშუალოდ, ევროპული კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი სურვილია, საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებით პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში, ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს, დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორებიც იყვნენ რობერ შუმანი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის მცირე, მაგრამ ძველი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა და ევროპის ერთ-ერთი ღირებულება არის სწორედ მრავალფეროვნება.

„მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ბრიუსელში ყოფნის დროს გავაკეთე ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები