თიბისის გენალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, წელს თიბისი ტრადიციული საახალწლო საჩუქრების ნაცვლად დედაქალაქსა და რეგიონებში მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დაეხმარება.
მისი შეფასებით, 2020 წელი თითოეული მოქალაქეისა და მთელი ქვეყნისთვის გამოწვევებით იყო სავსე. თუმცა ამის მიუხედავად, წელს, გუნდის დახმარებით, „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, კომპანია მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადატანაში ეხმარებოდა.
„ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დახმარება სჭირდება, გუნდში გაჩნდა იდეა - ჩვენი საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა, ვისაც დღეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თიბისელებმა მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები თავად შეარჩიეს და მათი ისტორიები გაგვიზიარეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო - თბილისში, პატარა ქალაქებში, სოფლებში თუ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. თიბისელების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საახალწლოდ არაერთ ადამიანს გავახარებთ. ვფიქრობ, სიკეთის კეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი საჩუქარია. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მჯერა, რომ ამ ოჯახებს მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მძიმე ზამთარს“, - განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ თიბისიმ, იდეისთვის - „თიბისელები შენთვის“, 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი გამოყო. თიბისელებმა მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახები თავად შეარჩიეს და გუნდს მათი ისტორიები გაუზიარეს. სულ 300 ოჯახი შეირჩა, რომელიც საახალწლოდ, გუნდის სახელით, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს.
თიბისის ინფორმაციით, „თიბისელები შენთვის“ პროგრამის - „თიბისი შენთვის“ ბოლო ეტაპია, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა. ჯამში 5 მილიონი ლარი დისტანციური განათლების ხელშეწყობას, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯების შემსუბუქებას მოხმარდა.




























