ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ია თაბაგარი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს, რის შესახებაც Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს. ტურიზმის დარგის წარმომადგენელი იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესში ყოფნისას საზოგადოების საკეთილდღეოდ გადადგეს.
"მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს! ასევე ყველა უსამართლოდ დაკავებულ ადამიანს! იმათ გასაგონად, ვისაც საბანკო საქმე მევახშეობა ჰგონიათ, მადლიერების უნარი რომ არ გააჩნიათ, არც სხვისი თანაგრძნობის და დამსახურების გაცნობიერება რომ არ შეუძლიათ! და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი ხედვა რომ არ აქვთ!
- არცერთი სახელმწიფო არ იარსებებდა საბანკო სექტორის გარეშე, უბრალოდ გამოქვაბულის ადამიანებს დაემსგავსებოდა კაცობრიობა. საქართველოს კი გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული საბანკო სისტემა და ამ სისტემის არსებობა სწორედ მამუკას და ბადრის დამსახურებაც არის.
- ამ ადამიანებმა საკუთარი და საბანკო ფონდებიდან უამრავი თანხები და ძალისხმევა მოახმარეს ხელოვნების, მუსიკის, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიტერატურის და ბიზნესის განვითარებას.
- ასობით სტუდენტს დაუფინანსეს სწავლა.
- ასევე ასობით ადამიანს დაუფინანსეს მკურნალობა.
- უდიდესი წვლილი შეიტანეს რეგიონებში, ახალგაზრდების სპორტის სახეობებში ჩართულობაში.
- სისტემატურად აჯილდოებდნენ ტრადიციული და სპორტული დოღების მონაწილეებს.
- საკუთარი სახსრებით დაბეჭდეს წიგნები, ჩაატარეს გამოფენები, უამრავი კულტურული და სხვა ღონისძიებები.
- იცავდნენ საკუთარი ბიზნესების, თანამშრომლების და ბიზნეს სექტორის ინტერესებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაასაქმეს ძალიან ბევრი ადამიანი და შეუქმნეს კომფორტული სამუშაო პირობები. ნორმალური სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაშიც, ეცდებოდნენ ბიზნესის განვითარებას და მდგრადი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.
სამწუხაროა, რომ დღეს ისევ თავისუფლებას და სამართლიანობას ვითხოვთ, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე ერთობლივად ვშრომობდეთ", - წერს თაბაგარი.
23 ივნისს საქალაქო სასამართლომ პოლიტიკურ ლიდერებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 24 ივნისს კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გიორგი ვაშაძის მიმართაც, რომელსაც 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ყველა მათგანზე სასამართლომ განაჩენად 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აკრძალა. მიზეზი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.




























