"ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კახრამონ იულდაშევს შეხვდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი საკმაოდ დიდია. ბოლო წლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა გაიზარდა, თუმცა, ვიმედოვნებ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტებს, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ინფორმაციაში ასევე წერია, რომ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის, მეჩაიეობის, კაკლოვანი კულტურების და ციტრუსის დარგებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თემებს და სოფლის მეურნეობის სექტორში კადრების გადამზადების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას მოინახულებს და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ასოციაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირს რიცხვებში
საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარში 18.5 მლნ აშშ დოლარი იყო, 38%-ით მეტი 2024 წლის მონაცემზე.
აქედან, ექსპორტი 42%-ით 10.5 მლნ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, იმპორტი კი, 4 მლნ-დან 7.9 მლნ-მდე გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი 3 სასაქონლო ჯგუფი: დაფასოებული მედიკამენტები - $5.7 მლნ, მსუბუქი ავტომობილები - $1.9 მლნ, მინერალური გაზიანი წყლები - $953 ათასი.
იმპორტირებული 3 სასაქონლო ჯგუფი: ნავთობი - $3 მლნ, ეთილენის პოლიმერები - $632 ათასი, ყურძენი - $547.9 ათასი.
რაც შეეხება 2024 წლის სრულ მონაცემს, ბრუნვა 27.2%-ით გაიზარდა და 146.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.