მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთის გაზის დერეფნის ინიციატივის სრულმასშტაბიანი განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, მათ შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან გაზის შესაძლო მიწოდებას, ასევე ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და კასპიის ზღვიდან გაზის მიწოდება საქართველოს აქტიური თანამონაწილეობის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმებების მიღწევაში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებას ევროკავშირში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით წელიწადში მინიმუმ 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას 2027 წლისთვის (2021 წლის 8,1 მილიარდიდან).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (სახელმწიფო შვილობილი ენერგეტიკული ლიდერი) ხელშეკრულება გააფორმა SOCAR-თან გაზის ნაკადების დროებით გადამისამართებაზე, რომლითაც საქართველო უფლებამოსილია, შეიძინოს გაზი SCP პროექტის ხელშეკრულებებით. შედეგად, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებითი გამტარუნარიანობა - დაახლოებით 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რომელიც გამოიყენებოდა აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის გაზრდილი ექსპორტისთვის ევროპის ქვეყნებში.

„ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს როგორც ევროპელ პარტნიორებთან, ისე, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობები მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს და მან კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულოს ევროპის გაზით მომარაგების მიმართულებით. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები და ისინი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოხატული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: ეკონომიკის მინისტრმა სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარეობს.

მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა.

სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-10 მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობით ასევე მონაწილეობენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები