მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა იწყება, ორდღიან შეხვედრაზე 27 ქვეყნის ლიდერმა გაფართოების, უკრაინასა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა ისაუბროს. განსახილველ საკითხთა შორისაა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გაწევა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისიც.

სხდომის დაწყების წინ, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა:

- მხარს უჭერთ თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?
- უკვე ვთქვი, რომ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ წინადადებას - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა

უკრაინასთან მიმართებით კი ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან მიმართებით პროგრესი უნდა აჩვენოს, თუმცა ამასთან გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ აუცილებელია ევროკავშირმა გაფართოების პროცესთან მიმართებით მკაფიო ნაბიჯები გადადგას. დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მხარს არ უჭერს უკრაინისთვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას, რადგანაც ქვეყანას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 7 წინაპირობიდან 3 წინაპირობაზე პროგრესი არ უჩვენებია.

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დისკუსია, რომელიც დღეს გაიმართება აუცილებელია, რათა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებთან მიმართულებით. ეს არის შესაბამისობაში ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან, რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ ჩვენ ვართ მზად გაფართოებისთვის. შესაბამისად, ვიმსჯელებთ ბალკანეთის, ასევე უკრაინის მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებით განვმარტავ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია უკრაინის მხრიდან მიღწეული იყოს ის პირობები, რომლებიც განსაზღვრულია”, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ევროპული საბჭოს ლიდერთა სხდომა 14-15 დეკემბერს იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები