ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა მხატვრული რეწვის და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2024”. ღონისძიება დამთვალიერებლებს 13 ოქტომბრამდე „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეებში უმასპინძლებს(პავილიონები 4,5,6).
მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი”- სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს - დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, მხატვრებს და სხვ. სამიტს ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, კომერციული აგენტები, ტუროპერატორები და ბიზნესის წარმომადგენლები. ფესტივალი ქმნის დარგის ეკონომიკური მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის შესაძლებლობას. ყველა თბილისელისა და ჩამოსული სტუმრისთვის „ეთნოფესტი“ ქმნის ახალ ტურისტულ სანახაობას და დამსახურებულ ადგილს იკავებს მსგავს საერთაშორისო გამოფენებს შორის.
"ფესტივალი 200-ზე მეტ მხატვრული რეწვის ოსტატსა და დიზაინერს. მთავარი მიზანია, რომ ოსტატებმა გაიზიარონ ის საერთაშორისო, ევროპული ტრენდები, რაც დარგის განვითარებისთვის ევროპაში ხდება, და გადმოიტანონ, შეიძინონ ეს უნარები იმისთვის, რომ მსგავს ევროპულ ჩვენებებზე მონაწილეობის მისაღებად ჰქონდეთ გამოცდილება", - აღნიშნავს მაკა დვალიშვილი, "ეთნოფესტის" დამფუძნებელი.
„ეთნოფესტი“ დაარსდა 2016 წელს ხელოვნების საეთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მას შემდეგ ოპერირებს ბიენალეს პრინციპით. ამ წლის ღონისძიების თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა (CREA), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის მცირე გრანტების პროგრამა, თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „ჩეხეთის ცენტრი - თბილისი“, ბრიტანეთის საბჭო და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები.
"ეთნოფესტი" შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს და ხელს უწყობს მისი კულტურის პოპულარიზაციას. ეს ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს დაუკავშირდნენ როგორც ერთმანეთს, ისე კერძო სექტორსა და პოტენციურ მომხმარებლებს; ამავდროულად, გააძლიერონ ეს კავშირები. ევროკავშირი საქართველოს კულტურის სექტორისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას სხვადასხვა ფორმით უწყობს ხელს: ჩვენ ვაძლიერებთ ხელოვანთა პროფესიულ უნარებს ტრენინგების მეშვეობით, ვეხმარებით მათ კერძო სექტორთან კავშირების დამყარებაში და ვმუშაობთ მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემოქმედებით დარგებში შემოსავლებისა და შესაძლებლობების ზრდას, ასევე, ინკლუზიური სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროცესს", - აცხადებს ლუჩია დი ტროია, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე
2024 წლის სამიტი აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:
მხატვრული რეწვის და დიზაინის გამოფენა / ექსპო
- უნგრეთის, სლოვენიის, პოლონეთის, თურქეთის და საქართველოს - ახალგაზრდა ხელოვანებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა - 'reDiscover'
- ჩეხური მინის მასტერკლასი
- საჯარო ლექციების სერია
- სხვადასხვა პროფესიული მასტერკლასები
- საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური კონსულტაციები
- კონკურსი „ საუკეთესო სტენდი“