მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მხოლოდ აკრძალვა კარგ შედეგს ვერ მოგვცემს“ - ვეტერინარი ძაღლების გამრავლების მორატორიუმზე

ძაღლების პოპულაცია

ვეტერინარული კლინიკა „ვეტ პლიუსის“ დამფუძნებელი ზაქარია პატარკაცაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების პოპულარიზაციაზე დაწესებული აკრძალვა პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის და პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

საუბარია საქართველოს მთავრობის ახალ დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებასა და პოპულარიზაციაზე სამწლიანი მორატორიუმი დაწესდა.

პატარკაცაშვილის თქმით, მხოლოდ აკრძალვა ეფექტიან შედეგს ვერ მოიტანს, თუ პარალელურად მეპატრონეებს შესაბამისი ცოდნა არ ექნებათ ძაღლების სწორად მოვლისა და აღზრდის შესახებ.

„მხოლოდ აკრძალვა ჩვენ ვერ მოგვცემს კარგ შედეგს. ცნობიერების ამაღლების დონე არის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებას, ვისაც ეს ჯიშები ჰყავს სახლში, ხშირად არ აქვს ინფორმაცია ამ ცხოველების სპეციფიკისა და მათი სწორად აღზრდის შესახებ“, - განაცხადა პატარკაცაშვილმა.

მისი თქმით, იმ ჯიშების დიდი ნაწილი, რომლებიც მთავრობის მიერ განსაზღვრულ ნუსხაშია, მაღალი ენერგიისა და ჰიპერაქტიურობის მქონეა, რაც პატრონისგან განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.

„ეს კონკრეტული ჯიშები, რომლებიც დადგენილებაშია ჩამოთვლილი, არიან ჰიპერაქტიურები და მათი ენერგიის სწორად დახარჯვა აუცილებელია. ამის შესახებ პატრონებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რათა შემდგომში მათი ფსიქოლოგიის გაუარესება არ მოხდეს, თუნდაც დაუხარჯავი ენერგიის გამო“, - აღნიშნა ვეტერინარმა.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციასთან ერთად სახელმწიფომ იმუშაოს მეპატრონეების განათლებაზე და მათ მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტული ჯიშის ძაღლების სწორად აღზრდის შესახებ.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დადგენილებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული მექანიზმები, რომ სახელმწიფო დაეხმარება მეპატრონეებს ცნობიერების ამაღლებაში და მისცემს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა აღიზარდოს კონკრეტული ჯიშის ძაღლი სწორად“, - განაცხადა ზაქარია პატარკაცაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები