მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მხოლოდ ფულის ხარჯვა შედეგს ვერ მოიტანს, მთავარი ცოდნა და ტექნოლოგიებია“ - ფერმერი ახალ აგროპროგრამაზე

გონაშვილი

კომპანია “აგროქოზიყის” დამფუძნებელი ბექა გონაშვილი სოფლის მეურნეობის ახალ სახელმწიფო პროგრამას აფასებს და ამბობს, რომ წარმოდგენილი გეგმა კომპლექსურია და მეტ ჩართულობას მოითხოვს. ის მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის არა მხოლოდ ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა გადამწყვეტი, არამედ ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ბექა გონაშვილის თქმით, წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარტივი მიდგომები ყოველთვის ეფექტური არ არის. მისი აზრით, აუცილებელია აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ რამდენად ფლობენ ფერმერები საჭირო ცოდნას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

„თუ ჩვენ უბრალოდ ფულს დავხარჯავთ და გადავყრით, შედეგს ვერ მივიღებთ. ეს არ აწყობს არც სახელმწიფოს და არც ფერმერს. ამ პროგრამას თან უნდა სდევდეს ცოდნის და გამოცდილების ამაღლება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე ჩვენ წარმოებას ვერ გავზრდით და ვერ ვიქნებით ეფექტურები იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში პროდუქცია ძვირდება“, — აცხადებს ბექა გონაშვილი.

ის განსაკუთრებულ ყურადღებას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ რეალური პროგრესისთვის არსებული პრობლემების იდენტიფიცირება აუცილებელია.

„მნიშვნელოვანია მონაცემების მოკრება, რათა უკეთ გავიაზროთ, რა არის შესაცვლელი და დასახვეწი. უნდა ვიცოდეთ, სად გვაქვს რეალური პრობლემები, რომ მათი მოგვარება შევძლოთ. მხოლოდ იმის თქმით, რომ ყველაფერი კარგად არის, ქვეყანა ვერ განვითარდება“, — აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

აგროსექტორის მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. “აგროთანადაფინანსება” - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მთავრობის წევრების მტკიცებით, სექტორის მხარდაჭერის თანამედროვე და გაუმჯობესებულ მოდელს ითვალისწინებს.

ცალკეული პროგრამებიდან ერთიან მოდელზე გადასვლა - ეს მთავარი სისტემური ცვლილებაა, რასაც მთავრობის აგროსექტორის მხარდამჭერი ახალი პროგრამა ითვალისწინებს. ამიერიდან სახელმწიფო პროექტებს არა ცალკეული კომპონენტების მიხედვით დააფინანსებს, არამედ მთლიანად პროექტის თანადაფინანსებაში შევა. აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პროექტებში მაქსიმუმ 2 მილიონი და მინიმუმ 100 ათასი ლარის ინვესტიციით მიიღებს მონაწილეობას.

აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამას რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება. ასეთია მაგალითად მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობის მოწყობა, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა მეცხოველეობის ფერმისა და საფუტკრე მეურნეობის მოწყობა. გაჩნდება ახალი კომპონენტი და სისტემურ დაფინანსებას დაექვემდებარება სასაკლაოების მოწყობა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, შეღავათიანი აგროკრეტიდი, როგორც დაფინანსების შემავსებელი ინსტრუმენტი, კვლავ შენარჩუნდება.

აგრორეფორმის ფარგლებში 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერთა რეესტრიც, ციფრული პლატფორმა, რომელიც მათ შორის ფერმერთა იდენტიფიკაციის მიზანს მოემსახურება. სექტორის მხარდამჭერ ახალ მოდელზე გადასვლა ასევე ითვალისწინებს, პროცესების მკაცრ მონიტორინგს და კონტროლს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები