თბილისში ბოლო დროს მომხდარი სეტყვა, რომელმაც ათასობით ავტომობილი დააზიანა, სადაზღვევო სექტორისთვის სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა - როგორც BMG-სთან „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის” თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, გახშირებული და გამძაფრებული სტიქიური მოვლენები პირდაპირ აისახება როგორც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე სადაზღვევო ტარიფებზე.
„მარტო თბილისის სეტყვა, რომელმაც მანქანები დააზიანა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდე ასანაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს. აქედან 15 მილიონი ლარი სადაზღვევო კომპანიებმა უკვე გასცეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სეტყვის შედეგად, სულ მცირე 12 000 ავტომობილი დაზიანდა. თუ ამას ავტოდაზღვევის ბაზრის 10%-იანი მოცვის გათვალისწინებით შევხედავთ, გამოდის, რომ დაუზღვეველი მანქანების რაოდენობა ათჯერ მეტია და მათ, ზარალის დაფინანსება საკუთარი ჯიბიდან მოუწევს,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, სტიქიური მოვლენების გახშირება არა შემთხვევითობა, არამედ გლობალური პროცესია. კლიმატის ცვლილება ამინდს უფრო მკაცრს ხდის, რაც მოლოდინს ზრდის, რომ მომავალში სტიქია კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.
„ფაქტია, რომ კლიმატი იცვლება და სტიქიური მოვლენები უფრო „ბრაზიანი“ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. როდესაც გარემო და რისკები იცვლება, ეს აუცილებლად აისახება ტარიფებშიც. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ფასს ხელოვნურად ზრდის - ეს ობიექტური რეაქციაა გაზრდილ საფრთხეებზე,“ - განმარტავს ხეჩინაშვილი.
ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქართველო კვლავ „დაუზღვეველ საზოგადოებად“ რჩება, სადაც მოქალაქეები ბედს არიან მინდობილნი. მისი თქმით, სტიქიის დროს მიყენებული მძიმე ზარალი მოსახლეობისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან დაზღვევის არარსებობის გამო მათ ფინანსური დამცავი მექანიზმები არ გააჩნიათ.
„ჩვენ მინდობილი ვართ იმაზე, თუ რა მოხდება. ბანგლადეშის მაგალითი რომ ავიღოთ, იქ ცუნამმა 200 000 კაცი იმსხვერპლა, მაგრამ მსოფლიო საფინანსო სისტემამ ეს ვერც იგრძნო, რადგან არაფერი იყო დაზღვეული. ჩვენთანაც მსგავსი სიტუაციაა - ზარალი დიდია, მაგრამ რადგან მოცვა დაბალია, ეს ტვირთი მთლიანად მოქალაქეების მხრებზე გადადის,“ - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.




























