ამერიკული საფეხბურთო ლიგა MLS-ი განიხილავს ევროპული სისტემის გადმოღებას და აგვისტოდან მაისის ჩათვლით ჩემპიონატის ჩატარებას. ზამთრის შესვენება დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლამდე გაგრძელდება და საპლეიოფო თამაშები მაისის თვეში შედგება. MLS-ის ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო კომუნიკაცია უშუალოდ გუნდებთან და მოგვიანებით გამოკითხვასაც ჩაატარებს გულშემატკივრებს შორის. ცვლილებები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაა დაგეგმილი.
ამ ფაქტს ერთი დიდი უპირატესობა აქვს ადგილობრივი ჩემპიონატისთვის, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას უკავშირდება. ვინაიდან ამჟამად ზაფხულში ტრანსფერები უშუალოდ MLS-ის სეზონის მიმდინარეობისას ხორციელდება და კლუბებს შუა სეზონში უწევთ ფეხბურთელებთან დამშვიდობება/შეძენა, ახალი სისტემის მიღებით MLS-ი სრულად გამოიყენებს FIFA-ს საერთაშორისო შესვენებებს.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში MLS-ის პლეი-ოფს მოუწევს ჰოკეისა და NBA-ის პლეი-ოფებისთვის და ამასთანავე ბეისბოლის (MLB-ის) სეზონის გახსნისთვის კონკურენციის გაწევა, რაც აშშ-ში სპორტების პოპულარობიდან გამომდინარე რეიტინგული თვალსაზრისით მოგებიანი გადაწყვეტილება არ იქნება.
ცალკე საკითხია ადგილობრივი კლიმატი, რადგანაც უფრო თბილ არეალში არსებული გუნდებისთვის პირობითად “ინტერ მაიამისთვის” აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა ჩრდილოეთ ზონაში არსებული იგივე “მინესოტა იუნაიტედისთვის” ევროპულ კალენდარზე გადასვლა ნაკლებად მიზანშეწონილია.
შეგახსენებთ, რომ MLS-ის პლეი-ოფი 22 ოქტომბერს დაიწყო და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.