დევიდ ბეკქჰემის თავდაპირველ MLS კონტრაქტში შედიოდა $25 მილიონის ღირებულების არჩევანის უფლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ნებისმიერ ქალაქში, ნიუ-იორკის გარდა, შეექმნა ახალი გუნდი. სწორედ ამ შეთანხმებამ აქცია რეალობად “ინტერ მაიამი“ - კლუბი, რომლის ღირებულება ახლა $1,19 მილიარდს შეადგენს და რომელსაც ლიონელ მესი ლიდერობს და რომელმაც გასულ პარასკევს ისტორიაში პირველად MLS-ის თასი მოიგო.
ეს წარმატების ისტორია ხშირად გვერდს უვლის იმ სირთულეებს, რომლებიც კლუბის გაშვების პირველ ეტაპებს თან სდევდა, მათ შორის მრავალწლიან ბრძოლას ახალი სტადიონის აშენებისთვის. გაჩემპიონების შემდეგ ბეკქჰემმა ერთი უცნობი ისტორია გაამხილა კლუბის დაფუძნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმ პერიოდში, სანამ “ინტერ მაიამი“ სრულად ჩამოყალიბდებოდა, MLS-მა შესთავაზა ლიგის ახალი კლუბით გაფართოების არჩევანი არ გამოეყენებინა და სანაცვლოდ $50 მილიონს გადაუხდიდნენ. ბეკქჰემის თქმით, ეს შეთავაზება მას ლიგის კომისარმა დონ გარბერმა ტელეფონით გადასცა. საბოლოოდ, ბეკქჰემმა შეთავაზებაზე უარი თქვა.
დღეს “ინტერ მაიამი“ MLS-ში მეორე ყველაზე ღირებული კლუბია. შესაბამისად, ბეკქჰემის $25 მილიონიანი გადაწყვეტილება თანამედროვე სპორტის ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ გარიგებად ითვლება.
“ინტერ მაიამის“ შემოსავალი 2024 წელს $190 მილიონს შეადგენდა, რაც ლიგაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წელს კი კლუბი ამ ინდიკატორით მხოლოდ მე-13 ადგილზე იყო. ზრდის უმეტესი ნაწილი მესის უკავშირდება. არგენტინელი ვარსკვლავი გუნდს 2023 წელს $150 მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რაც MLS-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ხელშეკრულებაა წლიური ანაზღაურებით.
რაც შეეხება ფიქსირებულ ფასად ლიგის ახალი კლუბით გაფართოებას წინასწარი შეთავაზებით, ბეკქჰემი ფიქრობს, რომ MLS-ი ასეთ რამეს აღარასდროს მოიმოქმედებს.




























