მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მმართველი გუნდი „ფედერალისტების“ აკრძალვასაც ითხოვს - პაპუაშვილმა ახალი სარჩელი დააანონსა

პარლა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოითხოვს ძველ სარჩელს და მას ახლით ჩაანაცვლებს. განახლებულ სარჩელში, სამი პოლიტიკური გაერთიანების გარდა, მმართველი პარტია „ფედერალისტების“ აკრძალვასაც მოითხოვს.

როგორც პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გადაწყვეტილება 2 მარტს ხელმოწერილ დეკლარაციას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზრდით პარტიების რაოდენობას, ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო სამი პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“, ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება „ფედერალისტური“ პარტია.

საფუძველზე მოგახსენეთ, 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ სტრატეგიული მიზნები. განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების არაღიარება და ა.შ.

აქედან გამომდინარე, აქამდე არსებულ სამ პარტიას ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ოცნების" მიერ გასულ წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სარჩელით გასული წლის 4 ნოემბერს მიმართა, რომლითაც მმართველი გუნდი ითხოვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები