მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა – რა ხდება იაპონიაში?

შიგერუ იშიბა

იაპონიაში 27 ოქტომბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა „ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (LDP), რომელიც 1955 წლიდან მოყოლებული თითქმის უწყვეტად მართავს ქვეყანას, უმრავლესობა ვერ მოიპოვა და 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

ამის მიუხედავად, LDP-მ მაინც მეტი ადგილის მოპოვება შეძლო პარლამენტში, ვიდრე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, რაც იმას უკავშირდება, რომ ოპოზიციამ გაერთიანება და ამომრჩევლის დარწმუნება ვერ შეძლო.

არსებული შედეგებით, 465-წევრიან პარლამენტში მმართველმა პარტიამ მის კოალიციურ პარტნიორთან ერთად 215 ადგილი მოიპოვა, ხოლო უდიდესმა ოპოზიციურმა "კონსტიტუციურ-დემოკრატიულმა პარტიამ" 148 ადგილის მოპოვება შეძლო. პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისა და მთავრობის ფორმირებისათვის 233 მანდატია საჭირო. ანუ ამ ეტაპზე საკმარისი მანდატები არც მმართველ პარტიას აქვს და არც ოპოზიციას. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი რეალისტური გამოსავალი კოალიციის ფორმირებაა, ანუ სხვა ოპოზიციური პარტიების შემოერთება, რისთვისაც მმართველ ძალას 30-დღიანი პერიოდი ექნება.

"ეს არის ხალხის მიერ მიღებული მკაცრი განაჩენი", - თქვა პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ, რომელმაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერად არჩევიდან სამ დღის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ სარკეში უნდა ჩაიხედოს, დაფიქრდეს, საკუთარი შეცდომები გაიაზროს და იმის კეთება დაიწყოს, რასაც ქვეყნის მოსახლეობა მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, LDP-ს ძალაუფლების დათმობა და ხელისუფლების ოპოზიციისათვის გადაბარება მოუწევს.

შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თანამდებობა თავის კაბინეტთან ერთად დატოვა, რითაც გზა გაუხსნა მის შთამომავალს, შიგერუ იშიბას და მის გუნდს. 67 წლის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შიგერუ იშიბა LDP-ის ლიდერად 27 სექტემბერს აირჩიეს. საგულისხმოა, რომ არჩევნებს წინ მმართველი პარტიისთვის სკანდალების კასკადი დაიწყო, რაც კორუფციასთან, დაფინანსების საკითხთან და ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული. თანაც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს იაპონია რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, ასეთ დროს კი მმართველი პარტიის მიმართ მხარდაჭერა ბუნებრივად მცირდება.

სავარაუდოდ, 30-დღიან პერიოდს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია პროდუქტიულად გამოიყენებს და რამდენიმე მცირე ზომის ოპოზიციურ პარტიას მიიერთებს კოალიციის შესაქმნელად, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ მას გარკვეულ დათმობებზე მოუწევს წასვლა და პარლამენტში მისი გავლენაც შემცირდება.

უშუალოდ იშიბას და მისი პოლიტიკური გუნდის შეხედულებებს რაც შეეხება, ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაა, თუმცა არა ელიტის გაძლიერების, არამედ დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერის გზით. რაც მსხვილი კომპანიებისა და მეწარმეებისთვის სასიხარულო ამბავი არ არის, რადგან იშიბას ხედვა ელიტის ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მთავარი მექანიზმი დაბალშემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაა, რაც განსაკუთრებით მწვავე იაპონურ მეგაპოლისებშია, სადაც პლანეტის უმდიდრესი მოქალაქეები და უსახლკაროები ერთმანეთისგან რამდენიმე ქუჩის მოშორებით ცხოვრობენ.

მონეტარულ პოლიტიკასთან მიმართებით იშიბა მხარს უჭერს ზომიერი ინფლაციის შენარჩუნების სტრატეგიას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. როგორც ის ამბობს, ცენტრალური ბანკი დაბალ საპროცენტო განაკვეთებს მომავალშიც შეინარჩუნებს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით ინვესტორებს მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ. თავად ეს ამბავი კი იმდენად უარყოფითად მიიღეს ინვესტორებმა, რომ იშიბას არჩევის დღეს, იაპონიის საფონდო ბირჟა თითქმის 5%-ით დაეცა.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს აზიური NATO-ს ანალოგის შექმნის იდეას, რაც რეგიონში სამხედრო ალიანსის შექმნას მოიაზრებს. ის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში იაპონიის გააქტიურებას და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაფართოებას ისახავს მიზნად. იშიბას სურს, რომ იაპონია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურადაც უფრო მეტად იყოს ჩართული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მხარს უჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო ურთიერთობების გაძლიერებას და ამერიკა-იაპონიის უსაფრთხოების ხელშეკრულების გადახედვას, რათა იაპონიის თავდაცვითი პოტენციალი და არსენალი უფრო მეტად გაიზარდოს.

საპირწონედ ამისა, ჩინეთთან მიმართებით, იშიბას დამოკიდებულება საკმაოდ ცივი და პრაგმატულია. ის მხარს უჭერს ჩინეთთან ძლიერი ეკონომიკური და დიპლომატიური კავშირების არსებობას, მაგრამ ამავდროულად, ის აცნობიერებს პეკინის მხრიდან მომავალ გეოპოლიტიკურ საფრთხეს. მისი აზრით, იაპონიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, რათა ჩინეთის სამხედრო ზეწოლა დააბალანსოს და საჭიროების შემთხვევაში, თავის დაცვა შეძლოს. ამავდროულად, იშიბა აქტიურად უჭერს მხარს ტაივანის დემოკრატიას და მიიჩნევს, რომ იაპონია უნდა იყოს მზად, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, ტაივანი დაიცვას.

ინვესტორები და ბიზნესლიდერები იშიბას გეგმებს, უმეტესწილად, დადებითად აფასებენ. რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ სტაბილურობასთან, მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორებისთვის. მათი აზრით, იაპონიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად ამისა, ინვესტორებს არ მოსწონთ სოციალურ თანასწორობაზე ფოკუსი და იმის მოსმენა, რომ იშიბას მთავარი პრიორიტეტი მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერა არ არის.

ოპოზიციური ძალები იშიბას ხედვებს კრიტიკულად აფასებენ. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის შიგნითაც კი არსებობს გარკვეული დაძაბულობა, განსაკუთრებით ულტრა-კონსერვატიულ ფრთასთან მიმართებით. ზოგადად, იშიბა ნაკლებად მოიაზრებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და შეიძლება ითქვას, რომ შიდაპარტიულ არჩევნებში მისი გამარჯვება მოულოდნელი იყო, თუმცა, ფაქტია, რომ 125 მილიონ მოქალაქეზე ზრუნვა, $4.5-ტრილიონიანი ეკონომიკის განკარგვა და ამომავალი მზის ქვეყნის ხელმძღვანელობა სწორედ მისი მოვალეობა გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები