მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მმართველობის ჩინური სისტემა "ოცნებისთვის" ყველაზე მოსახერხებელი და მიმზიდველია - გოგა ხიშტოვანი

გოგა ხიშტოვანი

ეკონომისტ გოგა ხიშტოვანის შეფასებით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყნის მმართველობის დემოკრატიული მოდელი ახლით ჩაანაცვლოს. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, ამ მხრივ "ოცნებისთვის" ყველაზე მოსახერხებელი მოდელი ჩინურია.

"ოცნება, პარალელურად იმის, რომ ცდილობს, დემოკრატია, როგორც მმართველობის მოდელი, გააუქმოს და პოლიტიკის კეთება აქციოს დასჯად, კრიმინალურ საქმიანობად, ჩემი აზრით, ეძებს ახალი მმართველობის სტილს თუ მოდელს, რომლითაც ის შეძლებს იყოს მდგრადი. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მმართველობის სტილს თუ მოდელს. მგონია, რომ ჩინური მმართველობის სისტემა მისთვის, ამ შემთხვევაში, ყველაზე მოსახერხებელი და მიმზიდველია და ცდილობს ამ მოდელის ნელ-ნელა, ეტაპობრივად საქართველოში დამკვიდრებას. რა მოდელია ეს? ეს არის ერთპარტიული სისტემა; მოდელი, სადაც საშუალო და მსხვილი ბიზნესი მთლიანად არის მიბმული ამ მმართველობის სისტემაზე და ის პარალელურად საზოგადოებრივი ცხოვრების კონტროლშია ჩართული. შეიძლება, მცირე ბიზნესი არის რაღაც დონეზე თავისუფალი, მაგრამ არ არის სასურველი მისი არანაირი სოციო-ეკონომიკური თუ სოციო-პოლიტიკური აქტივობა", - განაცხადა გოგა ხიშტოვანმა.

ეკონომისტის შეფასებით, ბოლო პერიოდში დაანონსებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებებიც მმართველობის ამ სისტემაზე გადასვლის ნაწილია. BMG-ის ეთერში გოგა ხიშტოვანმა განსაკუთრებული ყურადღება განათლების რეფორმასა და სასურსათო ფასების კონტროლს დაუთმო.

"ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი მიმართულებით, აქეთკენ წავიდა ყველაფერი. ორი დიდი მოვლენა დაგვეწია: ეს არის ეს დაანონსებული განათლების რეფორმის სხვადასხვა ეტაპები და ეს არის ბრძოლა ფასებთან და ბიზნესთან ამ ფორმით, საგამოძიებო უწყებების ჩართულობით. ორივე, ჩემი აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ მმართველობის ახალი სტილის ძიება გრძელდება. და ერთი, რაც შეგვიძლია, უკვე შევამჩნიოთ, არის რომ მიდგომა მსგავსია: რაც უფრო ცოტა აქტორი იქნება, მით უფრო მარტივი იქნება კონტროლის დამყარება.

ამ კონტექსტში შეგვიძლია შევხედოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას და მე სამწუხაროდ მგონია, რომ ეს პროცესი მხოლოდ დასაწყისია ამ დიდი გაერთიანებების. ასევე ეს არის ბიზნესთან დაწყებული ურთიერთობის ახალი ეტაპი. ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან, ფასდადების ფუნქციაში - თუ როგორ, რა ფასად გაყიდოს პროდუქტი - ფაქტობრივად ამ პროცესში უხეშად ჩაერია უკვე "ქართული ოცნება" და ზღუდავს მთავარ ბიზნეს უნარს, რომ დაიჭირო დინამიკა ბაზარზე, სწორად უპასუხო მას და ამით აჯობო კონკურენტებს", - ამბობს ხიშტოვანი.

მისი აზრით, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე იქცა ეკონომიკურ პრობლემად, რადგან სახელმწიფო შესაძლოა, ხისტ რეგულატორად იქცეს, რომელიც ბიზნესის წარმოების თითოეულ ნაბიჯს განსაზღვრავს ან კონკურენტულ გარემოს სპობს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, პოლიტიკური მონოპოლია მოიპოვა დღეს, დიდწილად გააუქმა პოლიტიკა და პოლიტიკაში შესვლასაც კი უკრძალავს უკვე ადამიანებს, პარალელურად ის ვერ აღწევს სტაბილურობას იმ ეკონომიკური მოდელიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. რადგან, ბევრი მიმართულებით, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ლიბერალურ ეკონომიკად.

და როგორც ჩანს, იმისთვის, რომ სისტემა იყოს სტაბილური, "ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ პოლიტიკური მონოპოლია არ არის საკმარისი. ყველაფერში, რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, გამოჩნდა ერთი ეკონომიკური მოდელის გადაწყობა პრინციპზე, რომ ან სახელმწიფო გამოდის უმკაცრეს, ძალიან ხისტ რეგულატორად, რომელიც განსაზღვრავს თამაშის წესებს ფასწარმოქმნამდე, რაც ნიშნავს, რომ განსაზღვრავს ფაქტობრივად ყველაფერს - ან სახელმწიფო არის ისეთი ოლიგოპოლიური სისტემის ფორმალური თუ არაფორმალური ზედამხედველი, რომელიც ყოველგვარ კონკურენტულ გარემოს სპობს", - განაცხადა გოგა ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები