მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MMT ჰოსპიტალმა ბოლო 8 თვეში 100 რობოტული ოპერაცია ჩაატარა - დამფუძნებელი

რობოტული ქირურგია

MMT ჰოსპიტალის დამფუძნებლის და პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის განცხადებით საქართველოში ბოლო 8 თვეში 100 რობოტული ოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რობოტული ქირურგიის დახმარებით ოპერაცია პირველად წლის დასაწყისში, 27 თებერვალს MMT ჰოსპიტალში ჩატარდა და მას ამავე კლინიკის დამფუძნებელი და პროფესორი, გურამ ქარაზაშვილი უძღვებოდა.

პროფესორის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციების რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ევროპული კლინიკისთვისაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ქარაზანაშვილი თქმით, ქვეყანას იმის პერსპექტივა აქვს, რომ ადამიანები სამედიცინო სერვისის მისაღებად ევროპაში კი არ მიდიოდნენ, არამედ სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიოდნენ.

„100 რობოტული ოპერაცია 8 თვის განმავლობაში, ნებისმიერი ევროპული კლინიკისთვისაც კი, ძალიან კარგი მაჩვენებელია. თან პროგრამა ახლა გაიხსნა. 26 თებერვალს დავაანონსეთ და პირველი ოპერაცია 27 თებერვალს ჩავატარეთ. უზარმაზარი პერსპექტივა გვაქვს, რომ ადამიანები სამედიცინო სერვისების მისაღებად საქართველოდან კი არ უნდა მიდიოდნენ, არამედ სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ ტექნოლოგიურად, პროფესიონალურად უმაღლეს სტანდარტებს.

რაც შეეხება ფასს, ჩვენი სერვისის ღირებულება, იმ მეზობელ განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ფასებზე 3-ჯერ ნაკლებია, სადაც ადამიანები ხშირად მიდიან სამკურნალოდ. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ თითოეულ ჩადებულ ინვესტიციას არ ვუყურებთ, [ხარჯებს] საერთო შემოსავლებიდან ვისტუმრებთ. ვცდილობთ, რომ ფასები დაბალი იყოს, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მისაღები იყოს. თუ ამერიკის ფასებზე გავალთ, იქ ევროპასთან შედარებითაც მაღალი ფასებია, იგივე ტექნოლოგიებით“, - ამბობს პროფესორი.

მისივე თქმით, კლინიკის შემოსავლები ტექნოლოგიებში რეინვესტირდება, რადგან მათი მიზანი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარებაა.

„ვცდილობთ, ადამიანებს სერვისის მიღება გავუმარტივოთ. ამასთან, ვცდილობთ, რომ ეს ახალი ტექნოლოგიები განვითარდეს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სწორედ ამისათვის, ჩვენ პაციენტებს მკურნალობის დიდ ნაწილს ვუფინანსებთ.

საქართველოში ნამდვილად ახალი ეტაპი დაიწყო. ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში რობოტული ოპერაციები ჩვენთან სტანდარტად იქცევა, რადგან რობოტული ქირურგია ბევრ სხვადასხვა პლუსს იძლევა. პირველ რიგში ეს არის ქირურგიული ჩარევის უნიკალური სიზუსტე. რობოტი გვეხმარება სიზუსტის გაზრდაში, ადამიანური შეცდომებისგან დაცვაში. გვეხმარება, რომ პაციენტის მიერ ქირურგიული ჩარევა, მარტივად იქნეს გადატანილი, თითქმის ნულოვანი სისხლის დანაკარგით. გვეხმარება, რომ პაციენტი 2-3 დღეში სტაციონარიდან გაეწეროს და მისი აღდგენა და რეაბილიტაცია უსწრაფესად მოხდეს. ამასთან, რობოტული ოპერაციები პროცედურების სტანდარტიზებასა და ახალი კადრების გაზრდაში გვეხმარება“, - განმარტავს გურამ ქარაზანაშვილი.

პროფესორი, გურამ ქარაზანაშვილი დასძენს, რომ რობოტულ პროგრამას ტელექირურგიის შესაძლებლობები აქვს. ეს კი სამომავლო პერსპექტივაში საშუალებას იძლევა, რომ ქირურგიული ჩარევა მაგალითისთვის თბილისიდან მესტიაში ჩატარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები