მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხი" - სენატორი კარდინი საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებაზე

ბენ კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის საგარეო დახმარების შეჩერებას ეხმაურება.

როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - შეაჩეროს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების უმეტესი ნაწილი, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ პასუხს წარმოადგენს.

"საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება - განსაკუთრებით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედება - წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე. ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.

საქართველოს კანონმა უცხოეთის აგენტების შესახებ და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევამ, საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის გამოკვეთილი სურათი დახატა. დახმარების შეჩერება, რომელიც სარგებელია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. ჩვენი საერთო ღირებულებები დემოკრატიისა და თავისუფლების შესახებ, მოლაპარაკებას არ ექვემდებარება“, - აღნიშნულია სენატორი კარდინის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს 95 მლნ აშშ დოლარის დახმარებას უჩერებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები