აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა 29 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 3.50%-დან 3.75%-მდე დატოვა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გადაწყვეტილებას კომიტეტის სამი წევრი დაუპირისპირდა - დალასის, მინეაპოლისისა და კლივლენდის რეგიონულმა პრეზიდენტებმა მონეტარული პოლიტიკის 0.25 პროცენტული პუნქტით გამკაცრება მოითხოვეს, თუმცა მათ 9 წევრი, მათ შორის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი არ დაეთანხმა. აშშ-ის ფედერალური რეზერვის ახალმა ხელმძღვანელმა, კევინ უორშმა კომიტეტში გამართულ დისკუსიას "კარგი ოჯახური დავა" უწოდა.
FED-ის ოფიციალური განცხადება უკვე მეორე მოკლე ტექსტით შემოიფარგლა. კევინ უორშმა ეკონომიკური პროგნოზებისგან თავი ამჯერადაც შეიკავა. მისი განმარტებით, არსებული გაურკვევლობის პირობებში ცენტრალური ბანკი მხოლოდ ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა. უწყების ხელმძღვანელმა ინფლაციასთან ბრძოლის მზაობა გამოხატა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პროცესს ხანგრძლივი დრო დასჭირდება.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ფედერალურ რეზერვს სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე მინიშნება არ გაუჟღერებია. კევინ უორშის თქმით, წინასწარი მითითებების შეზღუდვა გადაწყვეტილებების ხარისხს გააუმჯობესებს. Evercore ISI-ის წარმომადგენლის, კრიშნა გუჰას შეფასებით, სწორედ სექტემბრის სესია იქნება უორშის რეალური ნდობის ტესტი - ანუ, მომდევნო შეხვედრაზე გახდება ცნობილი, რამდენად დამოუკიდებელია ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენებისგან.




























