მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად დასაქმებული იყოს - ბიზნესომბუდსმენი უცხოელების დასაქმების შეზღუდვაზე

ოთარ დანელია

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად დასაქმებული იყოს - ასე პასუხობს ბიზნესომბუდსმენი, ოთარ დანელია BMG-ის კითხვას, რომელიც საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციას ეხება.

საქმე ისაა, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით, "ქართული ოცნების" პარლამენტმა შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში დასაქმებისთვის უცხოელებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიღების შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში ამ თემაზე ბიზნესომბუდსმენის აპარატში BMG-ის კითხვებს არ უპასუხეს.

დღეს კი ოთარ დანელია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ბიზნესის მხრიდან აპარატში მიმართვიანობა არ ყოფილა.

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად დასაქმებული იყოს. ბიზნესი ამ თემასთან დაკავშირებით [უცხოელების დასაქმებაზე] ჩვენთან არ მოსულა. ჩვენი პოზიციაა, რომ უპირატეს პირობაში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ეჭვი მეპარება, რომ ბიზნესს იმდენად უჭირდეს, რომ აუცილებლად მაინცდამაინც უცხოელი [კადრი] სჭირდებოდეს, თუ ეს მაინცდამაინც რაღაც საექსპერტო წრეებს არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ყოველდღიური დასაქმების ნაწილში საქართველოში საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსია იმისთვის, რომ მოხდეს მისი რეალიზება და ბიზნესში ჩართვა”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები