მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია, ამ ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ არაფერი გავაფუჭოთ“ - დიმიტრი ცქიტიშვილი

ყოფილი დეპუტატი

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის შეფასებით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემა ქართველი ხალხის და გეოპოლიტიკური ფაქტორების დამსახურებაა.

ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროკომისიის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრის აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლების ყველა ქმედება ევროკავშირთან დაახლოებისკენ არ იყო გადადგმული, რაც ევროკომისიის ახალ ცხრა დათქმაშიც აისახა.

„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე პოზიტიური რეკომენდაციის გაცემით შეუქცევადი ნაბიჯი იქნება გადადგმული. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა და აღნიშნა ქართველი ხალხის განსაკუთრებული მისწრაფება. ადრე ამ ფორმულირებით არ საუბრობდნენ - აქამდე სახელმწიფო და ხელისუფლება ერთად იყო განხილული. შეიძლება, ეს პროცესი შეყოვნდეს, გაიწელოს, მაგრამ ამის უკან შებრუნება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

ამდენად, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, მაგრამ მოლოდინია, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია აისახება მათ გადაწყვეტილებაში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ არაფერი გავაფუჭოთ“, - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

"წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა პარლამენტარმა ევროკომისიის ცხრა ახალ დათქმაზეც, რომელთა შორისაა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა. ასევე, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას დაუახლოოს.

„არ მახსენდება, რომელიმე სხვა კანდიდატი ქვეყნის მიმართ ყოფილიყო მსგავსი დათქმა“, - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმითვე, ევროკომისიის ანგარიშით, ასევე დადასტურდა, რომ 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად მხოლოდ სამი შეასრულა და არა უმრავლესობა, როგორც ამას მთავრობა ამტკიცებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები