საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი და მთავრობა ერთად ქმნიან ეკონომიკურ გუნდს, რომელიც ინფლაციისა და სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორების დარეგულირებაზე მუშაობს.
ამის შესახებ მან ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე ინფლაციის მოთოკვის გზებზე საუბრისას განაცხადა.
BM.GE-ის კითხვაზე - როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა მარეგულირებელს ქვეყანაში ინფლაციური პროცესის მართვის პროცესში, რადგან პრემიერ-მინისტრი პერიოდულად აანონსებს და იწყებს ეკონომიკის სტიმულირების სხვადასხვა პროექტს, რაც შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს ინფლაციაზე, კობა გვენეტაძემ თქვა, რომ ისინი ერთად მუშაობენ.
„ჩვენ ვართ ეკონომიკური გუნდი, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთად მუშაობს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, პოზიციებს ვათანხმებთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია, ეს ხდება და ჩვენ დიდ სურათს ვუყურებთ. წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა დაგეგმილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ინფლაცია ახლა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლის გამოც ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნება ხდება, ეს მიწოდებაა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აპრილის ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი გაზრდილი არ არის.
„ეს იმის დასტურია, რომ დღეს მაღალ ინფლაციას მხოლოდ მიწოდების ფაქტორები იწვევს, რაც საერთაშორისო ბაზარებზე ნავთობის და საკვების პროდუქტების გაძვირების გამო ხდება. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ინფლაცია მოლოდინებში არ გადაიზრდება და მისი მოთოკვა შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.




























