გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხე-ტყის უკანონო ჭრის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამის შესახებ მან დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ ინიციატივის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის საფუძველზეც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრაზე სასჯელი გამკაცრდება.
„მთავრობის სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის 44% დაფარულია ტყეებით. ტყეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, ტყეები ძალიან დიდი სიმდიდრეა; ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების მიმართ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად გამკაცრებული. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა იყოს მაქსიმალურად მკაცრი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ასეთი ფაქტების პრევენცია და ამ ყველაფერს ბუნებრივია უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლებში ჩავატარეთ ტყის ეროვნული ინვენტარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც გამოავლინა, რომ ჩვენი ქვეყნის ტყეებს, კიდევ უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა კონტროლის გამკაცრების მიმართულებით. კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იქნება კონტროლის მექანიზმების გამკაცრებაც“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.