მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ელიტური ინიციატივა არ იყოს - re:school-ი სტარტაპების საგადასახადო შეღავათებზე

სალომე მგელაძე

მთავრობა ინოვაციურ სტარტაპ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტი.

კანონპროექტით შემოდის ინოვაციური სტარტაპის ცნება, რომლის მიმართაც მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს. მათ შორის, პირველი სამი წლის განმავლობაში ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.

კერძო სექტორში „ქართული ოცნების“ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა როგორც BMG-სთან ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრის re:school-ის დამფუძნებელი აცხადებს, კითხვებია იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, კომპანიას ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭოს.

სალომე მგელაძის თქმით, კითხვებს აჩენს კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მისაღებად სტარტაპს მოპოვებული უნდა ჰქონდეს საინვესტიციო ფონდის ან ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ინვესტიცია არანაკლებ 100 ათასი ლარის ოდენობით, ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს თავად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსება.

“მივესალმები ყველანაირ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს სტარტაპ ეკოსისტემას, თუმცა გარკვეული კითხვები მაქვს კრიტერიუმების ნაწილში, თუნდაც ის, როგორი ტიპის სტარტაპებს მიენიჭებათ ეს სტატუსი. ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ სტარტაპს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტი უნდა ჰქონდეს მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ელიტური ინიციატივა არ იყოს, რომელიც მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული სტარტაპებისთვის და ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე, ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ სტარტაპს ამ სტატუსის მისაღებად არანაკლებ 100 ათასი ლარის დაფინანსება უნდა ჰქონდეს მოპოვებული. როდესაც სტარტაპები საქმიანობას იწყებენ, 100 ათასი შეიძლება დიდი თანხა იყოს საწყის ეტაპზე. ამიტომ უფრო დაბალი ბარიერი რომ იყოს, ეს შეღავათები უფრო მეტი სტარტაპისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ცოტა ბუნდოვანებაა. თუმცა თუკი ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება, ბუნებრივია, სტარტაპებისთვის ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი ნამდვილად მისასალმებელია”, - განაცხადა სალომე მგელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები