საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ფონზე, მნიშვნელოვანია რომ ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად არ გაიზარდოს.
“მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარებამ არ შექმნას ბუსტი იმ თვალსაზრისით, რომ ზედმეტი უცხოური ვალუტის შესყიდვა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ ვალუტაში ინვესტირება ამონაგების მხრივ განსაკუთრებულად მიმზიდველი არაა და ლარში განთავსება დეპოზიტის ბევრად უფრო მაღალ ფასში არის შესაძლებელი, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, მომხდარმა არ უნდა შეგვიქმნას ცრუ მოლოდინები, რომ შემდეგ პერიოდშიც 44%-იან ეკონომიკურ ზრდას გავაგრძელებთ მომავალში. მაგრამ ასევე ამ მონაცემებმა არ უნდა მოგვცეს მოდუნების საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებელთა ნაწილს, რომელსაც კონვერტირება აქვს გასაკეთებელი, დღესვე ცდილობს, რომ გადაახურდავოს ლარი და კონვერტაცია გააკეთოს შესაბამისად, ამან მნიშვნელოვანია, რომ არ შექმნას გადაჭარბებული მოთხოვნა, რომ იმაზე მეტი უცხოური ვალუტის ყიდვა არ დაიწყოს ბიზნესმა, რომელიც მაგალითად იმპორტზეა დამოკიდებული და ამან არ გააჩინოს მოკლევადიანი დისბალანსი.
ამ მხრივ მაისის მაჩვენებლები იქნება საინტერესო, თუ როგორ შეიცვალა გამყარების ფონზე სადეპოზიტო პორტფელში ვალუტების მიხედვით პოზიციები.
მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის განმავლობაში ლარი იყოს სტაბილური და დიდ მერყეობასთან არ გვქონდეს საქმე. დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპამდე გაცვლითი კურსის გამყარება გაგრძელდება,”- გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა .
ბოლო 30 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 10%-ით გამყარდა. თუმცა, დღეს გაცვლითმა კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო. დოლარის ღირებულება 7.78 თეთრით 3.1569 ლარამდე გაიზარდა, ევროს ღირებულება კი 10 თეთრით 3.8372 ლარამდე გაიზარდა.




























