მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს საფინანსო სექტორი პრეზიდენტის ვეტოდაძლეულ კანონზე? - ბანკების პოზიცია

648b40aabd5b9
თელარა გელანტია
15.06.23 22:00
747
სტატიაში საუბარია:
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლითაც შემოდის მეოთხე/პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, პოლიტიზირების საგანი გახდა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საფინანსო სექტორს ყველაზე მეტი ზიანი, შეიძლება, სწორედ იმ ხმაურისგან მიადგეს, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ განვითარდა.

„რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ამ ფაქტმა მიიღო ბევარდ უფრო პოლიტიზირებული შეფასება და ინსინუაციის საშუალება მიეცა ყველას, ვიდრე სასურველი იქნებოდა; უფრო ხმამაღლა დაიწყეს ამ საკითხზე საუბარი, რაც არასასიამოვნოა და რამაც შესაძლებელია, გარკვეული ეფექტი იქონიოს საფინანსო სექტორზე, მაგრამ არა - გრძელვადიან რეჟიმში.

ვფიქრობ, სასურველია, საკითხი დროულად გადაწყდეს... რაც შეეხება ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებზე საფინანსო სექტორის შეფასებას, რეალობას რომ შევხედოთ, ყველაზე დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს საფინანსო სექტორს იმ ხმაურისგან, რაც შეიქმნა ამ სიტუაციაში, ვიდრე ნებისმიერი ამ გადანაცვლებისგან; ეს არის პრიზმა, რომლისგანაც ამ საკითხს კომერციული სექტორი ვუყურებთ.

აქ ჩვენ ვერ დავიწყებთ საუბარს იმაზე, როგორი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭო, თუ ეს არ ცვლის მართვის სტრუქტურას ანუ არ იზრდება ან არ მცირდება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება. ეს პრინციპში არის უფრო მეტად პოლიტიკური საკითხი, ვიდრე რეალურად მკვეთრი საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შეიტანოს ან რაიმე მომზადება, ან სტრუქტურული ცვლილება სჭირდება საფინანსო სექტორისგან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული საკითხი გადაწყდება და ცეცხლი ჩაქრება“, - თქვა ალექსანდრე ძნელაძემ.
ამასთან, „წერტილთან“ ინტერვიუში „საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვანია, სებ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევა.

„ყველაზე კარგი დასასრული იქნება, თუ პრეზიდენტი იქნება არჩეული. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებია წამოწეული და მიმდინარე პროცესშია ეროვნული ბანკის მხრიდან; საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ციფრული განვითარება, რაზეც ორიენტირი აქვს ეროვნული ბანკს. ამ ყველა პროცესს მშვიდი, წყნარი გაგრძელება და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი სჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მარტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშეა, არცერთი მიმდინარე საკითხი არ შეფერხებულა.

„ეროვნული ბანკი არის სტრუქტურა, რომლის დამოუკიდებლობასაც იცავს კანონი; მიმდინარე თემები გრძელდება, რადგან ყველას კონკრეტული ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თვალსაზრისით, არ შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე საკითხი შეფერხდა; კვლავინდებურად გრძელდება ახალი რეგულაციების შემოღება, მათ შორის მკაცრის, რაც შესაძლებელია სასიამოვნო იყოს ან არ იყოს კომერციული სექტორისთვის, მაგრამ გრძელდება.

უფრო მეტად მნიშვნელოვანია ახალი პრეზიდენტის ხედვა, მომავალი სტრატეგია და ის საკვანძო წერტილები, რაზეც ყურადღებას გაამახვილებს სებ-ის ახალი პრეზიდენტი. მოკლედ, უფრო მეტ სიახლეზეა საუბარი, რომელიც შეიძლება იყოს სასიკეთო ან არც ისე სასიამოვნო საფინანსო სექტორისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები