ქართულმა სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონმა” უკრაინის მხარდასაჭერად მეტავერსში NFT-ად რუსეთის მიწების გაყიდვა დაიწყო. ამ დროისთვის ჯამში 2500 რუსული რეგიონის მიწა იყიდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთვის კეთდება და შემოსული თანხის 100% უკრაინაში ირიცხება.
როგორც “ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი ლევან ლეფსვერიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, პროექტი სამი დღეა რაც ხორციელდება და ამ დრომდე მან რუსეთის რეგიონების გაყიდვით უკვე $19 000-ის მოგროვება შეძლო. თანხა კი უკრაინაში გადაირიცხა.
მისივე თქმით, “ლივინგსტონმა” ყველაზე ძვირად, კერძოდ, $15 000-ად მოსკოვი გაყიდა.
“რუსეთი სხვისი ტერიტორიების მითვისებაშია შემჩენეული, ამიტომ გადავწყვიტეთ მათივე მწარე წამალი ვაგემოთ და რუსეთის მიწები ნაწილ-ნაწილ გავყიდოთ. იმისთვის, რომ მათმა მიწებმა რაიმე სარგებელი მოიტანონ, თანხას უკრაინელებს ვურიცხავთ. რუსეთი ხან ერთ ტერიტორიას მიიტაცებს, ხან მეორეს, ზოგს დამოუკიდებლად აღიარებს, ზოგს მიიერთებს. ჩვენი ჯერი დადგა იგივენაირად მოვექცეთ. ჯერ მართალია ციფრული სახით, მაგრამ დიდი შანსია, რომ ჩვენ მიერ გასხვისებული რეგიონების ლეგიტიმურობა უფრო მეტმა ხალხმა აღიაროს, ვიდრე რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიების.
რეგიონების ფასები ტერიტორიის მოცულობაზეა დამოკიდებული. პატარა მიწები $150, საშუალო - $2 000, დიდი ქალაქები კი $12 000 ღირს. ჯერ მხოლოდ სამი დღეა, რაც ეს პროექტი არსებობს და უკვე ყველაზე ძვირიანი ქალაქი - მოსკოვი $15 000-ად ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ იყიდა.
სასიხარულოა ისიც, რომ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ დღეს საქართველოს დროშით “ტვიტერზე” პოსტი გამოაქვეყნა და ამ ინიციატივისთვის ქართველებს მადლობა გადაუხადა” - ამბობს “ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი.