„საქართველოს რკინიგზის“ მოძრავი შემადგენლობა სრულად განახლდება. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორმა ლაშა აბაშიძემ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს რკინიგზაში გამოწვევა, რომელიც ეხება სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს რკინიგზას ექნება თანამედროვე ელმავლები, რომელიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.
ამასთან, მან მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ახლა ვიმყოფებით ქვიშხეთის გვირაბის შესასვლელ პორტალთან. ეს გვირაბი არის 8300 მეტრი სიგრძის, ეს არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და გრძელი გვირაბი. ჩვენ აღნიშნულ პროექტზე დაახლოებით იმხელა მოცულობის სამუშაოები გავწიეთ, ეს რეგიონში შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო პროექტი. ავაშენეთ 6 გვირაბი, 10 ხიდი, ქვესადგურები და დავაგეთ 90 კილომეტრამდე ახალი ლიანდაგი.
როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტის ძირითადი სარგებელი არის შემდეგში, რომ ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, უღელტეხილის მონაკვეთი აქამდე წარმოადგენდა ყველაზე რთულ მონაკვეთს, სადაც იყო ყველაზე მაღალი ქანობები. ჩვენ გვიწევდა სპეციალური რეჟიმით მოძრაობა და ოპერირება, გვიწევდა სავალდებულო გაჩერებები და უფრო რთული ოპერირება. დღეიდან ჩვენ უკვე გადმოვერთვებით მთლიანად ახალ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ აღარ მოხდეს სავალდებულო გაჩერებები, ჩვენ აღარ გავაჩერებთ უკვე უღელტეხილზე და მოვახდენთ სრულად ოპტიმიზაციას მოძრაობისა, რაც გაცილებით ეფექტიანს გახდის ჩვენს ოპერირებას. ზოგადად, ეს არ არის მხოლოდ რკინიგზის ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ერთის მხრივ აძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ასევე აძლიერებს მის როლს „შუა დერეფნის“ საერთაშორისო მარშრუტში. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ და უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ საქართველოს რკინიგზა და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მთავრობის მხარდაჭერით, სრულიად მოვახდენთ განახლებას მოძრავი შემადგენლობის. დღეს რკინიგზაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ეხება ჩვენს სალოკომოტივო პარკს და სავაგონო პარკს. მთავრობის მხარდაჭერით, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ფაქტიურად ისტორიული გადაწყვეტილება, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზას ექნება თანამედროვე, ახალი, ყველაზე თანამედროვე ელმავლები, რომელიც იქნება აღჭურვილი თანამედროვე სიმძლავრეებით და გაცილებით მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება თანამედროვე სალოკომოტივო პარკი და შესაბამისი ელმავლების დეპო.
ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის დეფიციტი, რომელიც გვაქვს დღეს სამწუხაროდ საქართველოს რკინიგზაში და ეს არის სავაგონო პარკი. წელს უკვე 400 ერთეულ ვაგონამდე გავზარდეთ ჩვენი სავაგონო პარკი და დამატებით უკვე შევისყიდეთ 120 ერთეული ვაგონი. ასევე მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ასეული ვაგონერთეულით გავზარდოთ ჩვენი სავაგონო პარკი და მოცემული მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ დეფიციტს, რომელიც დღეს გვაქვს.
ასევე ჩვენ გავაუმჯობესეთ სატვირთო მატარებლების ოპერირება, გავზარდეთ დატვირთვის წონები, მისი სიგრძეები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების გატარების მაჩვენებლებს როგორც დროში, ასევე ეფექტიანობის ნაწილში. უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ სიჩქარეების მომატება მაგისტრალზე და ვაკეთებთ კაპიტალურად 50-დან 70 კილომეტრამდე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, რომელსაც ვასრულებთ მომავალი წლის გაზაფხულზე და რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მატარებლის, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მიმოსვლის დროებს.
უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ ასევე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს რკინიგზას ანაკლიის პორტთან. მოცემული პროექტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად ახალ სიმძლავრეებს და შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენს ქვეყანას, ასევე გააძლიერებს მის სატრანსპორტო პოტენციალს.
მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას. საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენ ვაპირებთ, რომ არსებითი გაუმჯობესება მოვახდინოთ სარკინიგზო მიმართულების და მისი შესაძლებლობების.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის თითოეულ მონაწილეს, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, სახელმწიფო უწყებებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს",- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.




























