საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს რკინიგზისთვის და საავტომობილო გზების განვითარებისთვის 372 მილიონი დოლარის საკრედიტო დაფინანსებას ითვალისწინებს. ეს წარმოადგენს 751-მილიონიანი პროექტის ნაწილს, რომელზეც საქართველო მსოფლიო ბანკის გარდა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მუშაობს 175 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) 182 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე. მთავრობის მოლოდინით, ამ საფინანსო ორგანიზაციებთანაც მოხდება პროექტის დაფინანსებაზე საბოლოო თანხმობის გაცემა და კრედიტის დამტკიცება.
მსოფლიო ბანკის მიერ 372-მილიონიანი კრედიტის გამოყოფის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა. ასევე ხელმოწერის ცერემონიას ქართული მხრიდან დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და თავმჯდომარის მოადგილე სალომე წურწუმია.
პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის 45 ერთეული ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას, ასევე, საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
პროექტს განახორციელებენ სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შესაბამის საპროექტო შეთანხმებას სს „საქართველოს რკინიგზასა“ და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოაწერეს სს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
მთლიანობაში 751 მილიონიანი პროექტიდან 387 მილიონი დოლარი უნდა მიიმართოს საქართველოს რკინიგზაზე, აღნიშნული თანხიდან 350 მილიონი დოლარით 45 ახალი ლოკომოტივის შესყიდვა უნდა მოხდეს, 37 მილიონი დოლარით კი რკინიგზის ქვესადგურების გაუმჯობესება და მართვის ეფექტიანობის ზრდა უნდა მოხდეს.
დანარჩენი თანხა კი საგზაო ინფრასტრუქტურაზე უნდა მიიმართოს - 315 მილიონი დოლარი იქნება ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი გზის მშენებლობა და თელავი-გურჯაანის 36.6-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.




























