ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 14.2 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს 9 თვის გეგმით განსაზღვრული მაჩვენებლის 88%-ია. თუმცა, ცალკეული მიმართულებით, კონკრეტულად კი მოგების გადასახადის მობილიზების თვალსაზრისით სავარაუდოდ გეგმასთან ჩამორჩენა შეინიშნება. საქმე ისაა, რომ მოგების გადასახადის 6 თვის გეგმაც ვერ შესრულდა და 1.55 მილიარდი ლარის ნაცვლად აკრეფილი თანხა 1.45 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ჯამურად 1.87 მილიარდი ლარის მოგების გადასახადი შევიდა ბიუჯეტში, რაც 9 თვის გეგმის 79%-ია. უშუალოდ აგვისტოში კი აკრეფილი მოგების გადასახადი 150 მილიონი ლარი იყო. იმისთვის, რათა 9 თვის გეგმა სრულად შესრულდეს, სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ 512 მილიონი ლარის მოგების გადასახადი უნდა აკრიფოს, რაც აგვისტოს შესრულებაზე სამჯერ მეტია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მოგების გადასახადში გეგმასთან ჩამორჩენა უკავშირდება საბანკო სექტორის მოგების უფრო ნაკლებ ზრდას ვიდრე ეს ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილის დაგეგმვისას იყო გათვალისწინებული.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით ბიუჯეტის შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - აგვისტოში 674 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5.15 მილიარდი, 9 თვის გეგმის 86%;
- საშემოსავლო გადასახადი - აგვისტოში 637 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 90%;
- მოგების გადასახადი - აგვისტოში 150 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.87 მილიარდი, 9 თვის გეგმის 79%;
- აქციზის გადასახადი - აგვისტოში 250 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.65 მილიარდი, 9 თვის გეგმის 85%;
- იმპორტის გადასახადი - აგვისტოში 11.6 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾95 მილიონი, 9 თვის გეგმის 84%;
- სხვა გადასახადები - აგვისტოში 4 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾443 მილიონი, 9 თვის გეგმის 222%.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აქ პირიქით გადაჭარბებაა, რადგან 8 თვის განმავლობაში საშუალოდ ბიუჯეტში 620 მილიონი ლარი შედიოდა, მაშინ როდესაც გეგმით ის თვეში 611 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული.
მთლიანობაში 2025 წელს მთავრობა ეკონომიკიდან 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს - 8 თვეში აქედან 14.2 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 65% უკვე ათვისებულია.



























