საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ქვეყანაში სასურსათო ფასების რეგულირება დააანონსა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, სადაც სუპერმარკეტების კონტროლი უშიშროების სამსახურს ევალება და ამ საკითხის წამოწევა მიუთითებს, რომ "ოცნება" სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის გადაფარვას ცდილობს.
"რეჟიმი ვერ აჯერებს ხალხს და ვერც საკუთარ მომხრეებს, რომ ლილუაშვილი მათი კი არა, თურმე ოპოზიციის იყო და ამ უკანასკნელის დამფინანსებელიც კი!
ამიტომ გახდა საჭირო გაბრაზებული ქოცების და გაოგნებულ რიგითი მოქალაქეების ყურადღების გადატანა!
და რა უფრო საყურადღებოა ამ საახალწლო პერიოდში, თუ არა პროდუქტების უსაშველოდ გაზრდილი ფასები! მაშ მოგვევლინა კობახიძე ახალი ცრუ დაპირებით (ფასების კონტროლი) და ნამდვილი მუქარით, ახლა უკვე დიდ და პატარა ბიზნესის მიმართ!
უცებ აღმოაჩინეს, რომ ბოლო წლების ამ "არნახული ეკონომიკური აღმავლობის ჟამს", თურმე გაეპარათ ასევე არნახული ფასების ზრდა!!!!
და ამავე დროს აღმოაჩინეს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლის ბრალი კი არაა, არც იმისი, რომ 13 წელი ქვეყანას საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული არც ხედვა და არც პოლიტიკა არ ჰქონია, არც იმისი, რომ ყველა მიმართულებით იმპორტის თუ ექსპორტის მონოპოლისტური კომპანიები, როგორც სუპერმარკეტების ქსელები, ყველა "ქართულ ოცნების" თუ მასთან გარიგებული პირების ხელში იყო და არის!
პასუხისმგებლობა არაფერზე ეკისრებათ ამათ! არც საკუთარი გუნდის უკიდეგანო კორუფციაზე, არც უუნარობაზე, არც მათთან შეკრული უცხო ინტერესების გამტარებელი და კორუმპირებული უცხო ინვესტორების ხელშეწყობაზე …" ატკატების სანაცვლოდ".
არა, ეს ყველაფერი თურმე თქვენი და ჩემი ბრალი ყოფილა და იმათი, ვისაც ფული "უკან თუ არ მოიტანეს" დროზე, კობახიძე სუსს მიუქსევს და ახალი დაჭერების სერია დაიწყება!
ამ დროს არ დაგვავიწყდეთ: "ქვეყნის ეკონომიკა დუღს და გადადუღს"!
არ მეგულება ქვეყანა (რუსეთის გარდა), სადაც ფასების კონტროლის საკითხი და მარკეტების კონტროლი პირდაპირ სუს-ს ებარებოდეს, არც ის გამიგია პრემიერი რომ წყვეტდეს პარლამენტის დღის წესრიგს და აცხადებდეს პარლამენტის თავმჯდომარის მაგივრად საგამოძიებო კომისიის შექმნას (ვინ იქნებიან ის პარლამენტარები, ვინც ეკონომიკაზე იმსჯელებენ და არა მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე, ეს კიდევ გასარკვევია)!
მოკლედ აირია მონასტერი … როგორც ბუზი ჭიქაში, ხან საით მიეხეთქება და ხან საით, ამათმაც ვეღარ გაარკვიეს რას გვემუქრებიან, ხან ვის იჭერენ და რა ბრალდებებით, უკვე აღარ იციან.
ამ დროს უკმაყოფილება იზრდება ყოველდღიურად", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ხომ არ არის ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები. ასევე, პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.




























