საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მოიხსნება თუ არა სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვა, მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს, მიმდინარე წლის სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე გადაწყდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მპკ-ის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებლის მიერ გასულ წელს სამომხმარებლო სესხებთან მიმართებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა დაკრედიტების მიმართულებით სამომხმარებლო სესხების ზრდა კვლავ მაღალია.
„სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირების გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირების პოლიტიკის ფარგლებში იყო მიღებული. ეს ე.წ. მაკროპრუდენციული ზომაა, რომელიც სამომხმარებლო სესხების კუთხით აქტივობის შენელებას ისახავს მიზნად, რასაც თავის მხრივ ანტიინფლაციური ეფექტი ჰქონდა. ამ თვალსაზრისით კარგი შედეგები იყო მიღწეული, რადგან ამ სეგმენტის საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპი თუ გასულ წელს 40%-ს აღწევდა და იყო ინფლაციის მაგენერირებელი და ფასების ზრდის მაპროვოცირებელი ფაქტორი, დღეს ის თითქმის განახევრებულია და 20-22%-ია. მაგრამ მაინც ჯერ კიდევ საყურადღებოა. თუ ჩვენ შევხედავთ როგორ იზრდება საქართველოში საკრედიტო აქტივობა და ჩავშლით სესხების ჯგუფების მიხედვით, დავინახავთ, რომ ერთ-ერთი მზარდი არის სამომხმარებლო სესხები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ თავისი პოზიციური გავლენა შეასრულა, ჩვენ სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გვექნება, სადაც ყველა დადებით მხარეს და რისკს ავწონით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ“, - განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის: სებ-ის გადაწყვეტილება ძალაში გასული წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რაც სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული მაკროპრუდენციული ზომა ერთი წლის ვადით იქნა მიღებული.