მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოკლე ვადაში, ყველაფერი სანქციებზე იქნება დამოკიდებული“ - დევიდ კრამერი

კრამერი

ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან "ქართული ოცნების" ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებას მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტები და Freedom House–იც მოითხოვს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს. შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან ერთად უნდა დადგეს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ“ - ვკითხულობთ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

ანალიტიკამ ინტერვიუ ჩაწერა დევიდ კრამერთან, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან. კრამერი დეტალურად ხსნის სავიზო სანქციების დაწესების ლოგიკას და იმასაც, თუ როგორ ცდილობს ამერიკა, “ქართული ოცნების” დასანქცირებამ არ დააზარალოს ქართველი ხალხი.

- როგორ ჩანს მოვლენები ამერიკიდან?

- სიტუაცია საქართველოში ძალიან ცუდად გამოიყურება. ეს იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ იმას შეხედავ, როგორც საქართველოს მთავრობა იქცევა. როგორც პარლამენტი იქცევა. თუმცა – უნდა გამოვყო საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელმაც ჭკვიანურად და სწორად დაადო ვეტო უცხოელი აგენტების კანონს. მაგრამ ამერიკის გადმოსახედიდან, ჩვენ ყველაზე მეტად ქართველი ხალხი აღგვაფრთოვანებს. და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ხალხი რეგულარულად გამოდის ქუჩაში, რჩება პრო–დასავლური, დემოკრატიის მხარდამჭერი, კორუფციის მოწინააღმდეგე – საქართველოს ხალხს სურს ევროკავშირისკენ სვლა, ნატო–სკენ სვლა, მჭიდრო კავშირი შეერთებულ შტატებთან. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას, ივანიშვილის ხელმძღვანელობით და მმართველ პარტიას –“ქართულ ოცნებას” – მოსკოვთან უნდა. ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის. ასე ხედავს სურათს ამერიკა.

- ბუშის ინსტიტუტმა, მაკკეინის ინსტიტუტმა და ფრიდომ ჰაუსმა ეროთობლივი განცხადება გაავრცელეს და ამერიკას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების სანქცირებისკენ მოუწოდეს. როგორ იმუშავებს ეს სანქციები და რა ტიპის სანქციებს ითხოვთ?

- ჩვენ ვითხოვთ თარგეტირებულ ინდივიდუალურ სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ – ეს ის მაღალჩინოსნები არიან, ვინც ხელს უწყობენ საქართველოში სიტუაციის გაუარესებას – ამ სიის სათავეშია ბატონი ივანიშვილი. ამავე სიაში შედის პრემიერმინისტრი კობახიძე და ამავე სიაში, ჩვენი მოთხოვნით და ჩვენ არ წარმოვადგენთ ამერიკის მთავრობას, მაგრამ ჩვენი მოთხოვნის მიხედვით, სანქციები უნდა გავრცელდეს თითოეულ იმ პარლამენტარზე, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს. ამავე სიაში უნდა მოხვდნენ ის ადამიანებიც, ვინც ძალადობრივად დაშალა აქციები, ფიზიკურად გაუსწორდა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს. გენერალურმა პროკურორმა გადადგომა გადაწყვიტა – შესაძლოა, ეს მართლაც ჯანმრთელობის საკითხებს უკავშირდებოდეს, ზუსტად არ ვიცი – მაგრამ შესაძლოა, შეეშინდა კიდეც, რომ ისიც მოხვდებოდა სანქციების ჩამონათვალში. სანქციები გზაშია.

ეს ვიცი იმ საუბრებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში მქონდა. მიმაჩნია, რომ სანქციები უკვე უნდა ყოფილიყო დაწესებული – მაგრამ დღეს სიტუაციამ ისეთ წერტილს მიაღწია, სადაც ამერიკის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მოქმედების დროა. იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ამავე გზით წავლენ. კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა – ჩვენ მხარს ვუჭერთ ინდივიდუალურ ტარგეტირებულ სანქციებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ქვეყნის სანქცირებაზე, ქართველი ხალხის სანქცირებაზე, ჩვენ არ მოვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას – ჩვენ ვსაუბრობთ ინდივიდუალურ სავიზო და ფინანსურ სანქციებზე მხოლოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებლები გადაწყვეტილებაზე, საქართველო დადგეს რუსეთის გვერდით. როცა ივანიშვილი საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე, როცა იერიში მიაქვს შეერთებულ შტატებზე, როცა პრემიერმინისტრი კობახიძე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს პირის ყოველი გაღებისას – შეერთებული შტატები ჩუმად ვერ იქნება. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ. შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება აქვს გაწეული წლების განმავლობაში და ვფიქრობ, უკვე დროა ამ მაღალჩინოსნებს ვუთხრათ, რომ საკმარისია და დავდგეთ ქართველ ხალხთან, რომელსაც უნდა დასავლეთთან.

- ნება მომეცით, დავაზუსტო – თქვენ ხაზს უსვამთ ინდივიდუალური სანქციების მოთხოვნას და არა – უფრო ფართო სანქციების მოთხოვნას ქვეყნის და ხალხის მიმართ – რადგან მიგაჩნიათ, რომ ინდივიდუალური სანქციები საბოლოო ჯამში არ დააზარალებს ქვეყნის იმიჯს, იმ ხალხს, რომლებიც იბრძვიან ევრო–ატლანტიკური კურსის შესანარჩუნებლად. სწორად გავიგე?

- დიახ. აბსოლუტურად მართალი ხართ თქვენს ინტერპრეტაციაში. ეს სანქციები არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს სანქციები არ არის მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ. ეს სანქციები მიმართულია ინდივიდების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობაში, მმართველ წრეში – ივანიშვილი, მაგალითად, ტექნიკურად არ არის მთავრობის წევრი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაფიოდ გამოაცხადა, რომ ისევ საქმეშია, რაც ძალიან ხელის შემშლელი იყო ქართული პოლიტიკისთვის – ამდენად, ისიც მოიაზრება ინდივიდუალურ სანქციებში, მისი ოჯახიც. ჩემი ინფორმაციით მისი ოჯახის წევრია ამერიკაში, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრია ამერიკაში. თუ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ აკრიტიკონ, ლანძღონ ამერიკის შეერთებული შტატები, ამტკიცონ, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტიის ნაწილი ვართ და თან თავიანთი შვილები გამოგზავნონ შეერთებულ შტატებში და ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით – მათ ვინმემ უნდა აუხსნას, რომ ეს ასე არ გამოვა. ამდენად ეს სანქცია საქართველოს რიგით მოქალაქეს არ ეხება. თუ სურს, რომ ჩამოვიდეს ამერიკაში – სიამოვნებით. თუ სურს ევროპაში მოგზაურობა – რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ამ კანონს მიეცი ხმა საქართველოს პარლამენტში – შენ ვერ შეძლებ ამერიკაში მოგზაურობას. იმედი მაქვს, ევროკავშირიც დააწესებს მსგავს სანქციებს თუ უნგრეთიც დათანხმდება შემოთავაზებულ ვარიანტს. ქართველი ხალხი, პირიქით, ეს ის ხალხია, რომელიც თანმიმდევრულად აპროტესტებს ამ კანონს, იცავს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ ორიენტაციას და უფლებას იყოს ნორმალური ევროპული ქვეყანა. ყველას აღვაგფრთოვანებს ეს ხალხი. ეს მხოლოდ უნდა დააფასოს და აღნიშნოს – როგორც ამერიკამ, ისე ევროპამ.

- სხვადასხვა კანონპროექტი არსებობს ამ ეტაპზე, რომლებიც სხვადასხვა სიმძიმის სანქციებს ითვალისწინებს – მათ შორის, ფინანსურ სანქციებსაც. ეს მოვისმინეთ ჯეიმს ო’ბრაიენისგან, ენტონი ბლინკენისგან. მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ქართული ოცნების ვერც ქცევის, მეტიც – ვერც რიტორიკის ცვლილებას. მოდი, ავხსნათ რას ნიშნავს იყო დასანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

- ივანიშვილმა შეცდომით უკვე კარგა ხნის წინ დაასკვნა, რომ დასანქცირებულია. თუმცა, ეს ასე არ არის. მისი პრობლემები კრედიტ სუისი–ს ბანკთან ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ეს არ იყო სანქციების შედეგი ამერიკისგან ან ევროკავშირისგან. ჰოდა, თუ მას მიაჩნია, რომ ეს საკმაოდ რთული ვითარება აღმოჩნდა მისთვის – მოუწევს მომავალში თავი გაცილებით მეტს გაართვას თუ ის მართლაც მოვხდება სანქციების ჩამონათვალში. ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც იქნება. სხვებს რაც შეეხება, მათაც, მათი ოჯახის წევრებსაც მოსწონთ ამერიკაში და ევროპაში მოგზაურობა – სანქციების შემთხვევაში, ეს შესაძლებლობა გაქრება. მათ მოუწევთ თვალის გასწორება ფაქტისთვის, რომ დაასანქცირა ქვეყანამ, რომელიც საქართველოს მხარს უჭერს მისი დამოუკიდებლობის დღიდან, ეხმარება მას დემოკრატიის მშენებლობის გზაზე, ეხმარება რუსეთთან ურთიერთობაში, რომელსაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ამ ხალხს ძალიან მტკივნეული გამოღვიძება ელით წინ. გაიღვიძებენ ერთ დღეს და აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულები არიან. ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ სანქციების ჩამონათვალში – იქნებიან ეს რუსი მაღალჩინოსნები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, ჩაფლულები არიან კორუფციაში თუ უკრაინაში შეჭრის მიზეზით დასანქცირებული პირები – ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავენ იმაში, რომ აღარ ჩანდნენ ამ ჩამონათვალში. ვფიქრობ, იგივე მოხდება იმ ინდივიდების შემთხვევაშიც, ვინც საქართველოში დასანქცირდება. თქვენ აღნიშნეთ ჯიმ ო’ბრაიენის კომენტარები, გენერალური მდივნის ბლინკენის კომენტარები, სენატორების განცხადებებიც მოისმინეთ – ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ გადაწყვეტილებას. ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების, ბაიდენის ადმინისტრაციის საკითხი – რესპუბლიკელი კონგრესმენები ასევე უფრო მკაცრი ზომების გატარების მომხრე არიან. სენატის უმცირესობის წარმომადგენელმა მიტჩ მაკონელმაც გააკეთა განცხადება საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სენატორი რიში, ჰელსინკის კომისია. საქმე ის არის, რომ ამერიკამ გააკრიტიკა ეს კანონი, ევროკავშირმა და ევროკომისიამ გააკრიტიკეს ეს კანონი, ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა ეს კანონი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გააკრიტიკა ეს კანონი – ერთადერთი მთავრობა, რომელიც ამ კანონს მხარს უჭერს მოსკოვშია. ამის ცოდნა საკმარისზე მეტია იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რაც მომდინარეობს ივანიშვილის და დანარჩენი “ქართული ოცნების” მთავრობისა და პარლამენტისგან.

- როგორ ეხება ეს ყველაფერი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკას ქვეყნის მიმართ? ისინი ამ დრომდე დუმან. გვესმის მათი – მათი აქციონერები სხვადასხვა ქვეყნები არიან. თუმცა – თუ საქართველოს მაღალჩინოსნები, გადაწყვეტილების მიმღებები ვისაც უშუალო შეხება აქვთ ამ ინსტიტუტებთან დასანქცირდებიან – როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი?

- აიემეფი–ს თუ მსოფლიო ბანკის ქვეყანასთან თანამშრომლობას ინდივიდუალური სანქციები ხელს არ შეუშლის. ამ ინსტიტუტებსა და ქვეყნის მთავრობას შორის ურთიერთობები გაგრძელდება. სხვა შემთხვევაში, ქართველი ხალხის დასჯა გამოვიდოდა. ეს არავის სურს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობები უნდა გაგრძელდეს. არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ ეს კავშირებიც უნდა გაწყდეს. მე ამას მხარს არ ვუჭერ. თუ ის ადამიანები მოხვდებიან სანქციების ჩამონათვალში, ვისაც უშუალო შეხება აქვს ამ სააგენტოებთან – ეს გაართულებს ვითარებას. თუმცა – საბოლოო ჯამში – ის მხარდაჭერა, რაც მოდის აიემეფი–სგან, თუ იბიარდისგან, თუ მსოფლიო ბანკისგან – უნდა გაგრძელდეს. რადგან გვინდა საქართველოს, მისი ხალხის მხარდაჭერა – ჩვენი მიზანია, დავინახოთ საქართველო – ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ამ მიზნის მიღწევას გაართულებდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კავშირების გაწყვეტა.

- ჰელსინკის კომისია და ჯო უილსონის კანონპროექტიც ახსენეთ. ამ კანონპროექტს ოდნავ განსხვავებული მიდგომა აქვს – თაფლაკვერის და მათრახის მიდგომაა. მოიქეცით სწორად და ჩვენ გთავაზობთ ვიზალიბერალიზაციას ამერიკასთან, თავისუფალ ვაჭრობას, მეტ მხარდაჭერას თავდაცვის და უსაფრთხოების ნაწილში. რას ფიქრობთ ამ მიდგომაზე? შეიძლება ის გახდეს მოტივატორი? მოტივატორი ხალხისთვის ცხადია უკვე გახდა – მაგრამ ხელისუფლებისთვის?

- პრინციპების დონეზე, კარგი მიდგომაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. 6.5 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ საქართველოს მხარდასაჭერად. თუმცა, მეტის გაკეთება შეგვიძლია. და ეს მხარდაჭერა ყოველთვის ფულთან არ არის დაკავშირებული. დღეს, ამერიკაში არ არის პოპულარული დოლარებში მხარდაჭერაზე საუბარი – თუმცა, ბევრი სხვა გზა არსებობს: თავდაცვის და უსაფრთხოების ზომების გაძლიერება იმისთვის, რომ საქართველომ უკეთ დაიცვას თავი რუსეთის ანექსიისგან. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საკმაოდ საკამათო თემაა. ბევრ ქვეყანას სურს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან. ხელშეკრულებად არც ისე ბევრია გაფორმებული. ამდენად – მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ შევქმნათ გადაჭარბებული მოლოდინები. მე პრინციპულად მხარს ვუჭერ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა იმ მოლოდინის შექმნისგან თავს შევიკავებდი, რომ თუ აქ რაიმე შეიცვლება, მეორე დღეს ამერიკა საქართველოსთან ამ ხელშეკრულებას გააფორმებს. ეს რეალისტური არ არის.

- იმ კანონპროექტშიც, ყოველ შემთხვევაში, რაც პოლიტიკო–სგან გავიგეთ, ფორმულირებაც არ ყოფილა ზუსტად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება – ფორმულირება იყო დაახლოებით ასეთი – მყარი ლიბერალიზებული სავაჭრო ურთიერთობა ამერიკასთან – სავარაუდოდ, ზუსტად მაგ მიზნით, რომ გადამეტებული მოლოდინები არ შეიქმნას...

- კიდევ ერთხელ ვიტყვი – რაც უფრო მეტად გაუმჯობესდება საქართველო=ამერიკის ურთიერთობები, მე მხარს ვუჭერ თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან.

- და ჩემი ბოლო შეკითხვა და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის – სად ხედავთ საქართველოს მოკლე და გრძელ ვადაში? და გახსოვდეთ, ამ კითხვაზე პასუხიც მჭიდროდ უკავშირდება მოლოდინებს ..

- მოკლე ვადაში ჩემი აზრით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რა ტიპის სანქციებს დააწესებს ამერიკა და ევროკავშირი. აქედან ისე ჩანს, რომ სანქციები იქნება. ამერიკისგან – დანამდვილებით. იმედი მაქვს, ევროკავშირშიც მიაღწევენ კონსენსუსს.

- და აქვე ბოდიში ჩაჭრისთვის, დავაზუსტებ თუ შეიძლება – თქვენ ახსენეთ, რომ თუ უნგრეთს დაითანხმებენ, მაშინ სანქციები ევროკავშირისგანაც იქნება – რა ინფორმაციას ფლობთ – მიდის უნგრეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებები?

- ჩვენ ვნახეთ ბალტიის ქვეყნები, გერმანია, რომლებიც პირდაპირ ითხოვენ მკაცრი ზომების მიღებას. საფრანგეთიც. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელს უმეტესად სწორედ უნგრეთი უშლის. ამდენად – მოკლე ვადაში ყველაფერი დასავლურ სანქციებზე იქნება დამოკიდებული. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ქართული ოცნება ფასს გადაიხდის ბოლო თვეების, მეტიც – ბოლო რამდენიმე წლის საქციელისთვის. მე 2019 წელთან მივდივარ – როცა რუსი პარლამენტარი გავრილოვი ჩამოვიდა საქართველოში და რუსულად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამიდან. ამის შემდეგ, სულ გაუარესებას ვაკვირდებოდით. ადრეც არ იყო ყველაფერი საუკეთესოდ, მაგრამ 2019 წელი წყალგამყოფად მიმაჩნია – აქედან დაიწყო მკვეთრი გაუარესება. ამდენად კიდევ ერთხელ – მოკლე ვადაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სანქციებზე. გრძელ ვადაში კი – ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ქართველი ხალხის გამო. ქართველი ხალხი აღმაფრთოვანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები