მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლდაველი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს

ვლადიმირ პლახოტნიუკი
BM. GE
22.07.25 20:55
328

მოლდოვის ყოფილი არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი საბერძნეთში დააკავეს. აყვანის მომენტში ის აეროპორტში იმყოფებოდა და დუბაიში გასამგზავრებლად ემზადებოდა.

პლახოტნიუკმა მოლდოვა 6 წლის წინ დატოვა. მაია სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და დაკავების ბრძანებაც გაიცა. ქვეყნის ყოფილ არაფორმალურ მმართველს ბრალი მოლდავურ საბანკო სისტემაში თაღლითური სქემის შექმნასა და, შედეგად, $1 მილიარდზე მეტის მიღებაში ედება. ამას გარდა, პლახოტნიუკის წინააღმდეგ საქმეები აღძრულია ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებითაც. ოლიგარქის აყვანაში სანდუს ხელისუფლებას დახმარებას შეერთებული შტატები და თურქეთიც უწევდნენ, თუმცა მისი დაკავება მხოლოდ დღეს მოხერხდა.

ვლადიმირ პლახოტნიუკმა მოლდოვა 2019 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნები წააგო. შედეგების გამოცხადებიდან მალევე ოლიგარქმა შტატებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა, თუმცა განცხადება ტრამპის ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, პლახოტნიუკი მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე, 2025 წლის თებერვლამდე ჩრდილოეთ კვიპროსში იმალებოდა.

მოლდოვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქის პოლიტიკური კარიერა გვიან 2000-იან წლებში დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. ის არასდროს ყოფილა პრემიერ-მინისტრი, თუმცა დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ ეტაპზე მას ინსტიტუტების არაფორმალური კონტროლი არ შეუწყვეტია. თავდაპირველად ის პარლამენტარი გახდა და 2010-2013 წლებში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა. 2013-დან 2016 წლამდე დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე გადაინაცვლა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი პარტიის თავმჯდომარე გახდა.

მმართველობის დროს პლახოტნიუკი სასამართლოს, სამართალდამცავ უწყებებს, ბიზნესსა და მედიას აკონტროლებდა. სწორედ გავლენის ამ მასშტაბის გამო ითვლებოდა ის ძალაუფლების მიმტაცებლად და არაფორმალურ მმართველად. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოლდოვამ რთული ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა. გაიზარდა სიღარიბეც. სამაგიეროდ, გამდიდრდა თავად პლახოტნიუკი. თუ არჩევნებში გამარჯვებისას მისი ქონება $300 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, ქვეყნიდან გაქცევისას ეს მაჩვენებელი უკვე $2.5 მილიარდამდე იყო გაზრდილი. ოლიგარქის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს ნავთობითა და უძრავი ქონებით ვაჭრობა წარმოადგენდა. პლახოტნიუკი ასევე ფლობდა რამდენიმე ბანკსა და მედიას.

მედიაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ 4 ყველაზე გავლენიანი ტელეარხი და რამდენიმე რადიოსადგური, რომელთაც ის გავლენის შესანარჩუნებლად აქტიურად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ მმართველობის ბოლო წლებში პლახოტნიუკი განსაკუთრებით კრიტიკული მედიის შეზღუდვას ცდილობდა, თუმცა სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვლენები პირიქით წარიმართა. ოლიგარქის კონტროლირებადი ყველა მედიაგამოცემა გასულ წელს დაიხურა.

პლახოტნიუკის მმართველობის პერიოდში მოლდოვამ მოჩვენებითი პროევროპული გეზი აიღო და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც კი მოაწერა ხელი. ოლიგარქი მაქსიმალურად იკავებდა ევროგაერთიანების კრიტიკისგან თავს და მასზე საუბრისას ფრთხილი იყო საპასუხო პოზიციაც. თუმცა ძალაუფლების არაფორმალურად განკარგვის აშკარა ნიშნების გაჩენის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ზრდის ფონზე, ევროკავშირმა პლახოტნიუკის მიმართ პოზიცია მნიშვნელოვნად გაამკაცრა. სწორედ მათი პოზიციის ცვლილებამ შეუწყო ხელი 2019 წლის არჩევნები პროდასავლელ მაია სანდუს მოეგო და დაემარცხებინა დემოკრატიული პარტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები