რუმინული საფონდო ბირჟა ("ბუქარესტის საფონდო ბირჟა" BVB) მოლდოვაში ახალი საფონდო ბირჟის შექმნაში მონაწილეობისთვის მეწილეთა თანხმობას ითხოვს - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Logos Press ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, BVB-ის დირექტორთა საბჭომ მეწილეები 29 სექტემბერს განსაკუთრებულ კრებაზე მოიწვია, რომელზეც მოლდოვაში ახალი საფონდო ბირჟის ავტორიზაციაში BVB-ის მონაწილეობას დაამტკიცებენ.
გასული წლის დეკემბერში, მოლდოვის ეკონომიკური განვითარების და გაციფრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დედაქალაქ კიშინოვში ახალი საფონდო ბირჟის შექმნაში მიიღებდა მონაწილეობას, როგორც აუქციონერი. BVB-ის პრეზიდენტმა, რადუ ჰანგამ კი აღნიშნა, რომ ბუქარესტის საფონდო ბირჟას სურდა, საკუთარი გამოცდილებითა და რესურსებით, დახმარება გაეწია სახელმწიფოსთვის ახალი საფონდო ბირჟის შექმნაში.
"ჩვენი პოზიცია საკმაოდ მარტივია. ჩვენ ვხედავთ მოლდოვას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს რუმინეთის გვერდით. ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ ჩვენი გამოცდილებითა და რესურსებით. ვგულისხმობ კაპიტალს, ტექნოლოგიურ და ადამიანურ რესურსებს, რაც გვაქვს ბუქარესტის საფონდო ბირჟაზე; ასევე იმ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ვიმუშაოთ ისეთ პროექტში, სადაც ადგილობრივი პარტნიორები გვყავს. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან გვინდა, მოლდოვის სახელმწიფო ადგილობრივ პარტნიორებს შორის იყოს. ეს მოლდოვაში საჯაროდაც განვაცხადეთ და მთავრობისგან პოზიტიური სიგნალი მივიღეთ", – განაცხადა რადუ ჰანგამ.
კიდევ უფრო ადრე, BVB-მა გამოაცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობებს, მოლდოვის სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორებთან ერთად, კიშინიოვში საფონდო ბირჟის შექმნის მიმართულებითაც.
"ბუქარესტის საფონდო ბირჟა, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს, აპირებს, გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა, რათა ხელი შეუწყოს თანამედროვე საფონდო ბირჟის შექმნას მოლდოვაში. მიზანია, ჩამოყალიბდეს მყარი კაპიტალის ბაზარი, რომელიც წაახალისებს რეგიონულ თანამშრომლობას და ორივე ქვეყნის კომპანიებს ფინანსებზე წვდომას მისცემს, რაც მათ რეგიონულ ლიდერებად აქცევს. BVB დარწმუნებულია მოლდოვის ეკონომიკის ზრდის პოტენციალში და მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი კაპიტალის ბაზრის განვითარება კიშინიოვის საფონდო ბირჟის გარშემო, ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს,“ – ნათქვამია BVB-ის განცხადებაში.
მიმდინარე წლის 6 თვეში BVB ჯგუფმა 1.48 მილიონი რუმინული ლეის წმინდა მოგება მიიღო, რაც 83%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებული შემოსავლებისა და გაზრდილი ხარჯების გამო.




























