მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოქმედმა პარლამენტმა დაამტკიცა.
მოლდოვის მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ არის საფრთხე პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილები დაკარგოს. ამან კი შესაძლოა, მოლდოვის პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
პარლამენტის სპიკერის იგორ გროსუს განცხადებით, სექტემბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ქვეყნის მომავლის ფორმირების პროცესში.
სანდუს პარტიის მთავარი მოწინააღმდეგე ყოფილი გენერალური პროკურორი, პრორუსული პარტიის ლიდერი ალექსანდრ სტოიანოგლოა, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ მცირე სხვაობით დამარცხდა პროევროპელ მაია სანდუსთან.
ცნობისთვის, მოლდოვას რუსეთის გავლენის ხანგრძლივი ისტორია აქვს. მოსკოვს ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელებასა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. მსგავსი წუხილი არსებობდა გასული წლის 20 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმზეც, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაიმართა. რეფერენდუმის შედეგების თანახმად, მხოლოდ მცირე სხვაობით ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეებმა გადაწონა.




























