მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამჟამინდელი მონაცემების თანახმად, პირველ ადგილზეა მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტია, რომელსაც ხმების 50.16% აქვს. მეორე ადგილს იკავებს იგორ დოდონის "პატრიოტული ბლოკი, რომელსაც ამჟამად 24.19% აქვს მოპოვებული. ამ დროისთვის ხმათა 99.87%-ია დათვლილი.
მოლდოვას არჩევნებში, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართა, მონაწილეობა 1,577,150-მა მოქალაქემ, მათ შორის, 276,391-მა ემიგრანტმაც მიიღო. სანდუს პოზიციების გამყარებას სწორედ საერთაშორისო დიასპორამ შეუწყო ხელი. შედარებისთვის, თუ "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიამ მოლდოვას მასშტაბით ხმების 44.13% აიღო, უცხოეთში ის 78,51%-ით ლიდერობს, ანუ, ქვეყნის გარეთ სანდუს 4-დან 3 ადამიანი უჭერს მხარს.
მთლიანი მონაცემების მსგავსი შედეგი ფიქსირდება დედაქალაქშიც, სადაც მმართველმა გუნდმა ხმების 52.68% დააფიქსირა, მეორე ადგილზე გასული პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ დოდონის პარტიამ კი 21.26% მიიღო.
ამ შედეგებით, მაია სანდუს პარტია 101 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში 55 ადგილს დაიკავებს და უმრავლესობას დააკომპლექტებს. რაც შეეხება მთავარ კონკურენტს, მისი გუნდი საკანონმდებლო ორგანოში 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
პარლამენტში პირველად შედის კიშინიოვის მერის, იონ ჩებანის პარტიაც, რომელიც არჩევნებში მე-3 ადგილზე გავიდა და 7.97%-ით 8 სკამი მოიპოვა. 6-6 მანდატი ერგოთ მე-4 და მე-5 ადგილზე გასულ მემარცხენე პრორუსულ "ჩვენს პარტიას" და პროევროპულ "PPDA"-ს, რომელიც მხარს მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს.




























