მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვის უმსხვილეს ბანკში ცვლილებებია - გიორგი შაგიძე CEO-ს თანამდებობას 2024 წელს დატოვებს

გიორგი შაგიძე

მოლდოვის უმსხვილეს ბანკ Maib-ში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება, რომელთა ფარგლებში, კომპანიის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს. კონკრეტულად სად გააგრძელებს მუშაობას გიორგი შაგიძე, ამ ეტაპზე, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ Maib-ის დირექტორის თანამდებობას ის 2024 წლის ივნისში დატოვებს და მისი შემცვლელის საპოვნელად კომპანია კონკურსს გამოაცხადებს.

“გიორგის ლიდერობის ქვეშ, Maib-მა ამბიციური ტრანსფორმაცია განიცადა, რაც გამოიხატება, როგორც სხვადასხვა სეგმენტში საბაზრო წილის ზრდით, ასევე ფინანსური შედეგების გაუმჯობესებით, Maib-ის მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა გასამმაგებითა და მოლდავურ საბანკო სისტემაში ბანკის უდავო ლიდერად ჩამოყალიბებით”, - ვკითხულობთ Maib-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“გიორგიმ Maib-ს საოცარი ტრანსფორმაციის დროს უხელმძღვანელა და ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან და გუნდმა მოახერხეს. დარწმუნებული ვარ, რომ საძირკველს, რომელსაც გიორგიმ ჩაუყარა საფუძველი, დიდი ხნის განმავლობაში დავეყრდნობით, ხოლო მისი შემცვლელი პროგრესს განაგრძობს”, - ასე გამოეხმაურა კომპანიის დირექტორის შეცვლას Maib-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ვიტაუტას პლუნკსნისი.

მოლდოვის უმსხვილეს ბანკში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს თავად გიორგი შაგიძეც გამოეხმაურა, რომელმაც მის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. “ბაზარზე, Maib-ი ყოველთვის ძლიერ ბანკად პოზიციონირებდა. ერთად ვიმუშავეთ, რათა ყველა ფრონტზე წარმატებისთვის მიგვეღწია და ამ დროს, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადეთ და ისეთ მოდელზე გადავეწყვეთ, რომელიც დროს გაუძლებს. ღრმად მადლიერი ვარ გამორჩეული მენეჯმენტითა და ყველა “მაიბერით”, იმ საოცარი ერთგულებით, რომელიც მათ საერთო მიზნებისკენ გამოიჩინეს. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს კლიენტებს თანამშრომლობისთვის და ჩვენს აქციონერებს - ნდობისთვის. Maib-ი კარგადაა მოწყობილი იმისთვის, რომ საბაზრო პოზიციის გაუმჯობესება და შესანიშნავი ფინანსური შედეგის დაფიქსირება შეძლოს. მადლიერი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ განსაკუთრებულ გზაზე და ამ გუნდის მუდმივ წარმატებას ვუგულშემატკივრებ”, - აღნიშნა გიორგი შაგიძემ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Maib-ი მოლდოვის უდიდესი ბანკია, რომელიც 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით დეპოზიტების ბაზრის 33.8%-იან და კრედიტების ბაზრის 38.2%-იან წილს ფლობს. ამასთან, Maib-ი მოლდოვის სისტემურ ბანკადაც ითვლება, რადგან ის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედს ემსახურება და თან, უდიდესი კერძო დამსაქმებელიცაა, რომელსაც 2400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლიდან, Maib-ის უდიდესი აქციონერი საერთაშორისო კონსორციუმია, რომელიც EBRD-ის, Invalda INVL-ისა და Horizon Capital-ისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები