BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მართალია აბსოლუტურ რიცხვებში საქართველოს ექსპორტი სხვა შესადარის ქვეყნებთან მიმართებით მაღალია, თუმცა ამ ექსპორტის სტრუქტურაში მაღალია რეექსპორტის წილი. სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის უმჯობესი იქნება, თუკი ქართული ბიზნესები უფრო მეტ ადგილობრივ პროდუქციას გაიტანენ ექსპორტზე.
“მეორე - საქართველოს ექსპორტი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ დიდია, თუმცა ამ ექსპორტში მცირეა იმ პროდუქციის წილი, რაც საქართველოში იწარმოება - ამის მაგალითია ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებულია საქართველოში და შემდეგ ქვეყანა მათ ექსპორტზე უშვებს სომხეთში, აზერბაიჯანში ან ცენტრალურ აზიაში - და კიდევ ერთხელ, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მე მირჩევნია, საქართველოში არსებულმა კომპანიებმა მეტი აწარმოონ ადგილობრივად და ექსპორტზე საკუთარი წარმოების პროდუქცია და საქონელი გაიტანონ. ვფიქრობ, ამის პოტენციალი საქართველოს აქვს და ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ესეც დიდი შესაძლებლობაა,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 4.5 მილიარდი დოლარი იყო, აქედან ადგილობრივი ექსპორტი 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა. საქართველოს უმსხვილესი რეექსპორტის ჯგუფი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის ექსპორტიც წელს 77%-ით, $661 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.