"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გიორგობიანის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ფასთა ინდექსაციის ნაწილში ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელშეკრულებო რეფორმებს მოახდენს.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბარი დღეს გაიმართა, როდესაც ირაკლი კობახიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებს შეხვდნენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლის ნაწილსაც ფასთა ინდექსაცია წარმოადგენს. ფასთა ინდექსაციას ყველა შემსყიდველი არ იყენებს და აქ მნიშვნელოვანია რისკების გადანაწილება მოხდეს ადეკვატურად, რომლის ნაწილსაც ფასთა ინდექსაცია წარმოადგენს და რომელზედაც მოლოდინი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოახდენს სახელშეკრულებო რეფორმებსაც“, - განაცხადა მან.
მთავრობის 2022 წლის განკარგულებით, ფასების ინდექსაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც ამავე წლის 1-ელი აპრილიდან შეასრულებდნენ შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მთავრობამ საინდექსაციო თანხის მოცულობად სამუშაოების ღირებულების 70% განსაზღვრა, ამ მოცულობის სამუშაოებიდან კი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ხარჯების მაქსიმუმ 10%-ს დაუკომპენსირებს. კერძო სექტორი დადგენილების ამ ფორმით მიღების წინააღმდეგი იყო. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში მაშინ აცხადებდნენ, რომ 10%-ის სახით დამატებითი ჩამკეტის შემოტანა არასწორია.




























