Wizz air-ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი ამბობს, რომ აპირებენ ქუთაისის აეროპორტის ბაზას კიდევ ერთი ხომალდი დაამატონ. ამ ეტაპზე აეროპორტში ავიაკომპანიას ოთხი ხომალდი ჰყავს განთავსებული.
"გასულ წელს გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ გვქონდა ბიზნესის განვითარების საშუალება. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი 2025 წელი Wizz Air-ის ბაზებისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება და საქართველოც ამ ბაზების ნაწილი გახდება. გვაქვს მოლოდინი, რომ დავამატებთ კიდევ ერთ ხომალდს ქუთაისის აეროპორტის ბაზას, განვიხილავთ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობას და არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეების გაზრდას", - ამბობს ვარადი.
Wizz air-ის დირექტორი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ის აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა.
2024 წლის ათი თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ Wizz air-ია, რომელმაც საანგარიშო პერიოდში მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო მეორე და მესამე ადგილს თურქული სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ი და ქართული Georgian Airways-ი იკავებენ.
- Wizz Air - 19.1% - 1,208,499
- Turkish Airlines - 7.6% - 480,844
- Georgian A/W - 7.5% - 473,744
- Pegasus Airlines - 7.3% - 460,939
- AZAL - 5.5% - 345,503