მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლოდინია, რომ "ეკონომიკის განვითარების ბანკი" [ენერგეტიკის] პროექტებზე კომერციულ ბანკებზე იაფად გასცემს სესხს - მარგებაძე

მარგებაძე

კერძო სექტორის ნაწილი, მათ შორის ენერგეტიკის დარგის ინვესტორები “ეკონომიკის განვითარების ბანკის” შექმნის იდეას იწონებენ და იმედოვნებენ, რომ მათთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომა გამარტივდება.

როგორც BMG-სთან მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რადგან მთავრობის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ განვითარების ბანკი ორიენტირებული იქნება ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობაზეც, ჩნდება მოლოდინი, რომ სექტორისთვის დაფინანსებაზე წვდომა გამარტივდება.

გიორგი მარგებაძის თქმით, ამ მიმართულებით დღეს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სექტორისთვის დაფინანსების უფრო იაფი რესურსი იყოს ხელმისაწვდომი.

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის მუშაობის პრინციპი არის ასეთი - თუ ინვესტორი წამახალისებელი მექანიზმით არ სარგებლობს, ანუ არ სარგებლობს გარანტირებული ტარიფით და CFD მექანიზმით, დავუშვათ პროექტის მთლიანი ღირებულების 30% თუ არის “ექვითი” [კაპიტალი] – აი ამ 30%-ის 49%-ის დაფინანსებით შემოდის ენერგეტიკის განვითარების ფონდი. შემდეგ უკვე [ელექტროსადგურის] ექსპლუატაციაში გაშვებამდე, შენ ამ თანხას უმატებ კონკრეტულ პროცენტს, რაზეც გაქვს შეთანხმება და გამოისყიდი ისევ ამ 49%-ს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში თვითონ საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებზე უფრო მაღალია.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ბანკი, რომელიც ახლა შეიქმნება, კომერციულ ბანკებზე დაბალ პროცენტში გასცემს სესხს ამ [ენერგეტიკულ] პროექტებზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო ელექტროსისტემამ მაინც რომ ისარგებლოს ამ ბანკით, რათა უფრო მალე შეასრულოს თავისი ათწლიანი გეგმის გრაფიკი, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მთავარი არის ის მომენტი, რომ საპროცენტო განაკვეთი არის ძალიან მაღალი ჩვენთან. სომხეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სახელმწიფო სუბსიდირებით ენერგეტიკულ პროექტებზე ინვესტორის მხარეს არის 6-7%. ჩვენთან არის 10-11% – ორნიშნა საპროცენტო განაკვეთი. ეს ძალიან მაღალია. თუ მსგავსი ბანკი კეთდება და შეღავათი უნდა გაკეთდეს ისეთ მნიშვნელოვან დარგზე, როგორიცაა ენერგეტიკა, წარმოებაა ესეც, ელექტროენერგიის წარმოება, დაბალ პროცენტში თუ არ მოგცა სესხი, აზრი არ აქვს. მთავარია განაკვეთი იყოს ხელმისაწვდომი”, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გააერთიანოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის განვითარების ბანკში იქნებიან გაერთიანებული, კრედიტებს გასცემენ და „ბუნებრივია ამ ფორმით გაგრძელდება ამ ბანკის ფუნქციონირებაც". მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი ენერგეტიკის განვითარების ფონდის „ანალოგიური ფორმით იმუშავებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები