"პროკრედიტ ბანკი - საქართველოს” გენერალური დირექტორის განცხადებით, მოლოდინია, რომ რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მაინც შემცირდება.
როგორც ალექსი მატუამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, თუკი მომდევნო პერიოდში ეკონომიკური აქტივობა შენელდება, შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღოს.
“2024 წლის ბოლოს მოლოდინები უფრო პესიმისტური იყო, თუმცა იანვარმა აჩვენა, რომ საკმაოდ მაღალი ზრდა იყო, ინფლაციაც მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. ჩვენ შარშან წლის დასაწყისში ველოდებოდით, რომ [რეფინანსირების განაკვეთი] 8%-ზე უფრო დაბალი იქნებოდა. ეროვნული ბანკიც ვარაუდობდა, რომ განაკვეთი 8%-ზე დაბალი იქნებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა და შესაბამისი არგუმენტებიც მოვისმინეთ.
თუკი ეკონომიკური აქტივობა ოდნავ შენელდება, ალბათ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაჩნდება. მოლოდინია, რომ განაკვეთის ნაწილობრივი შემცირება მინიმუმ წლის მეორე ნახევარში მაინც მოხდება. ეს მარტო ეკონომიკურ ზრდაზე არაა დამოკიდებული, ინფლაცია, კურსი, ბევრი პარამეტრია, რომლის მიხედვითაც იქნება გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - განაცხადა ალექსი მატუამ.
ცნობისთვის, 12 მარტის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მორიგ ჯერზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.