მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლოდინია, რომ სები 2026 წელს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მცირე ბიჯებით მაინც შეძლებს - საბანკო ასოციაცია

დავით რუსია

საბანკო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ 2026 წლის მეორე კვარტალიდან ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შერბილების საშუალება ექნება.

როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ BMG-ის განუცხადა, ინფლაციის დაჩქარების ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სები მონეტარულ პოლიტიკას შედარებით გამკაცრებულ დონეზე შეინარჩუნებდა.

“ყველა გადაწყვეტილება, რასაც ეროვნული ბანკი იღებს, მაინც ინფლაციის მაჩვენებლის ირგვლივ ტრიალებს. ინფლაციის გარდა, სები სხვა ბევრ პარამეტრს ითვალისწინებს, თუმცა ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია, საპროცენტო განაკვეთი მაღალია და ამის გამო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დღემდე ვერ მოხერხდა. უახლოეს პერიოდში თუ ვისაუბრებთ, 2026 წლის პირველ კვარტალში შესაძლებელია გარკვეული კორექტირება მოხდეს, თუმცა თუ ეროვნული ბანკი პაუზას აიღებს და დაელოდება ფასების კორექტირებას, ალბათ არავინ არ დააყვედრებს ამ გადაწყვეტილებას.

მომავალ წელს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ინფლაციაზე და ფასების საერთო დონეზე. შესაბამისად, თუ წლის პირველ კვარტალში ეროვნული ბანკი არ იაქტიურებს ამ მიმართულებით, ეს ჩვენთვის, ექსპერტებისთვის, გასაგები ფაქტორი იქნება. თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ სებს შეეძლება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება თუნდაც მცირე ბიჯებით [მეორე კვარტალში]. პირველ კვარტალში შეიძლება უფრო პაუზა იყოს ამ მიმართულებით”, - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი 2024 წლის მაისის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე ინარჩუნებს.

ანალიტიკურ ორგანიზაციებში ელიან, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება 2026 წლის მეორე ნახევრიდან ექნება. Galt & Taggart-ის შეფასებით, მოსალოდნელია, რომ 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3%-მდე შენელდება, რაც სებ-ს საშუალებს მიაცემს მთლიანობაში მონეტარული პოლიტიკა ნახევარი პროცენტული პუნქტით, 7.5%-მდე შეარბილოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები