გუდაურში მდებარე, ახლად გახსნილი ღვინის ბარი „დო“ BM.GE-სთან ზამთრის სეზონს აფასებს.
ბარი გუდაურში ორი კვირაა გაიხსნა და მომხმარებლებს საფირმო კოქტეილებს, სენდვიჩებსა და მცირე მარნების მიერ წარმოებულ ღვინოს სთავაზობს.
ბარის დამფუძნებლის, ირინა კობახიძის ინფორმაციით, იმისდა მიუხედავად, რომ სეზონი კარგია, აქტიური დატვირთვა ძირითადად პარასკევიდან კვირის ჩათვლით მოდის, ხოლო კვირის დღეებში ბარი ნაკლებადაა დატვირთული.
„მომხმარებლების ნაკლები რაოდენობა ვფიქრობ, რომ ნაკლები ტურისტული ნაკადებითაა გამოწვეული. ასევე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმაც დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ჩემი ინფორმაციით, გუდაურსა და ბაკურიანში ძირითადად რუსი სტუმრები ჩამოდიოდნენ.
ყველა ამბობს, რომ ტურისტები ძირითადად თებერვალში ჩამოდიან, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ტენდენცია პოზიტიურად შეიცვლება და მათი ნაკადები გასამმაგდება და გაოთხმაგდება. ამ ეტაპზე, ჩვენი მომხმარებლების 50% უცხოელი, ხოლო 50% ადგილობრივია. უცხოელი სტუმრების დიდი ნაწილი პოლონეთიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან გვყავს.
მართალია ქართველი სტუმრები კარგია, მაგრამ საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. სხვა შემთხვევაში, თუ ტურისტი არ იქნება, კურორტს ძალიან გაუჭირდება.
ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ გუდაურში კოვიდის შემდეგ სიტუაცია ძალიან გაუარესდა.
უნდა აღვნიშნო, რომ გუდაურში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კადრის პოვნაა, რომელსაც დავასაქმებთ. ამის გამო, თბილისიდან კადრის ჩამოყვანა მოგვიწია და ჯამში, ამ ეტაპზე 3 ადამიანი ვართ დასაქმებული.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუდაურის ფილიალში შიდა ინტერიერის განახლებასა და განვითარებას ვგეგმავთ და სწორედ ამ პერიოდში საჭირო ხარჯების კალკულაცია მიმდინარეობს,“- აცხადებს კობახიძე.
მისივე ცნობით, 3 თვის წინ, პირველი ღვინის ბარი თბილისში გახსნეს, ჯანშიას #4-ში. მიმდინარე წელს, ბრენდი მარკეტინგულ აქტივობების განხოირციელებას გეგმავს, რათა ბარმა როგორც თბილისში, ასევე გუდაურში ცნობადობა და მომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს.
როგორც „დოს“ დამფუძნებელი აღნიშნავს, თბილისში იანვარ-თებერვლის თვე ბარებისთვის ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ცივ პერიოდში ადამიანები გარეთ გასვლისგან თავს იკავებენ.
ინფორმაციისთვის, ღვინის ბარი „დო“ ბაზარზე 3 თვის წინ გამოჩნდა და ბაზარზე ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. პირველი ფილიალი თბილისში, ხოლო ორი კვირის წინ, ახალი ფილიალი გუდაურშიც გახსნა.