„მომავალ წელს, 100-ზე მეტი ფერმერი „გეოგაპის“ სტანდარტს დააკმაყოფილებს“, - ამის შესახებ BM.GE-სთან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა, ილია კუნჭულიამ ისაუბრა.
მისი განმარტებით, "გეოგაპის" სტანდარტის მიზანია ადგილობრივი მერძევე ფერმერებისათვის ფერმერული პრაქტიკების გაუმჯობესების გზით, უვნებელი და ხარისხიანი რძის წარმოების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, რაც ფერმერების ბაზარზე სტაბილურ წვდომას უზრუნველყოფს.
მისივე ცნობით, "გეოგაპი" არის სერტიფიცირების სქემა, რაც ეფუძნება გარკვეულ მოთხოვნებს რძის პირველადი მწარმოებლებისათვის. ამ სტანდარტის დანერგვით, ფერმერი თავის ფერმას უფრო ორგანიზებულს ხდის, აუმჯობესებს სურსათის უვნებლობის, გარემოს დაცვისა და თანამშრომლების სამუშაო პირობებს. ამასთან, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგალითად როგორიცაა წელიწადში ერთხელ ან რამდენჯერმე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, როგორც პროდუქტის, ისე იმ წყლის რაც გამოიყენება პირველად წარმოებაში ან საწარმოში.
„ძირითადად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მოთხოვნით ხდება ფერმებში ამ სერტიფიკატის შესაბამისად მოთხოვნების შესრულება და სტანდარტის დანერგვა. წელს, 2024 წელს, თაფლის მოდული დაემატა, მეფუტკრეობის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის. ამასთან, რძის პირველადი მწარმოებლებისთვის შედარებით გამარტივებული ვერსია მოდულის სახით დაემატა, ვისაც არ აქვს საწარმო. ჯამში, "გეოგაპი" სამ ძირითად მოდულს აერთიანებს. ეს არის სურსათის უვნებლობა, გარემოს დაცვა და დასაქმებულების სამუშაო პირობები და უსაფრთხოება.
წელს, 10-მდე ფერმაში დაინერგა ეს სტანდარტი და 80-მდე ფერმის სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ანუ, ჯამში "გეოგაპი" სტანდარტს 100-ზე მეტი ფერმა დააკმაყოფილებს“,- ამბობს კუნჭულია.
რაც შეეხება იმპორტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლებას, ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტის თქმით, იმპორტის ჩანაცვლება გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ განხორციელდება. მისივე განცხადებით, ეს სერტიფიკატი არ არის ყველასთვის, ეს არის გარკვეულ სამიზნე ჯგუფებში, ხარისხიანი პროდუქციის საწარმოებლად, ფერმერების განსავითარებლად, რომ წარმოება უფრო ორგანიზებული გახდეს.