მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფელ ჯვარში „ფერმერთა სკოლა“ იხსნება

ყველი

"ნინოს ჩირის“ დამფუძნებლის სახლში „ფერმერთა ასოციაციის“ უშუალო ჩართულობით „ფერმერთა სკოლა“ გაიხსნება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ თავად ბრენდის დამფუძნებელმა, ნინო ქავთარაძემ განაცხადა.

„გარდა ჩირის ბიზნესისა, აქტიურად ვარ დაკავებული მესაქონლეობით და მინდა მომხმარებლებს ჩირთან ერთად ჩემი წარმოებული არტიზანული ყველიც შევთავაზო. ამიტომაც „ფერმერთა ასოციაციის“ დახმარებით ჩემს სახლში ფერმერთა სკოლა გაიხსნება, სადაც არტიზანული ყველის წარმოებით დაინტერესებულ 20 ქალს „ფერმერთა ასოციაცია“ შესაბამის სასწავლო სემინარებს ჩაუტარებს. ოცივე ქალი ადგილობრივია და სწავლა იქნება სრულიად უფასო“, - განაცხადა ნინო ქავთარაძემ.

„ფერმერთა სკოლაში“ ქალებს ჯამში 5 ტრეინინგი ჩაუტარდებათ. სკოლაში წარმოებული არტიზანული ყველი პირველად ნოემბერში, ექსპოზე გამოიფინება.

„ნინოს ჩირის“ ბრენდის ქვეშ 38 სახეობის პროდუქცია იწარმოება. ესენია: ხურმისა და ლეღვის ჩირი, შავი ქლიავის, ვაშლის ჩირი და ტყლაპი, ჩირი ჩიფსების სახით და შოკოლადში ამოვლებული ჩირი, აგრეთვე კივის ჩირი, რომლებიც სრულად ბიოწარმოებაა.

„ჩემი წარმოებული პროდუქტი არ ღირს ძვირი, რადგან საწამოში დანახარჯი ცოტა გვაქვს. ამას განაპირობებს ისიც, რომ ყველა დანადგარი მზის ენერგიაზე მუშაობს და ნედლეულიც მთლიანად ჩემი ბაღისაა“, - აღნიშნა ნინო ქავთარაძემ.

„ნინოს ჩირის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქციის ღირებულება 8-დან 15 ლარამდე მერყეობს. ბრენდი სამეგრელოში, სოფელ ჯვარში 2019 წლიდან ოპერირებს და წლის განმავლობაში დაახლოებით 2 ტონა პროდუქციას აწარმოებს, რომელიც სრულად საქართველოში რეალიზდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები