მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც სრულად შეძლებს პესტიციდების განსაზღვრას სურსათში - ილია კუნჭულია

შეწამვლა

მავნე ორგანიზმებთან საბრძოლველად პესტიციდები სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება. სამწუხაროდ, ეს მომწამლავი ნივთიერებებია, ამიტომ მის სწორ გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების მხრივ საქართველოს სახარბიელო შედეგები არ აქვს. FAO-ს ბოლო შეფასებით, რომელიც 2021 წლის მონაცემებს ასახავს, საქართველო 1 ჰექტარზე საშუალოდ 5,68 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 2,26, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კი 3,2 კილოგრამია.

მეზობელ სახელმწიფოებს თუ შევხედავთ, ყველაზე მდგრადი სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანს აქვს, სადაც პესტიციდების მოხმარება ჰექტარზე საშუალოდ 0,23 კილოგრამია.

საქართველოში პესტიციდების რეგისტრაციაზე, ასევე სურსათში მისი შემცველობის შემოწმებაზე პასუხისმგებელი უწყება სურსათის ეროვნული სააგენტოა.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტიდან გასულ წელს სააგენტომ 300-მდე ობიექტი შეამოწმა. გამოვლინდა დარღვევის 35 შემთხვევა, თუმცა როგორც სააგენტოში განმარტავენ, ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში დადასტურდა. მათი განმარტებით, გამოვლენილი დარღვევები ძირითადად არარეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობას, ასევე მარკირების და შეფუთვის წესის დარღვევას უკავშირდებოდა.

სპეციალისტების შეფასებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანას შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა არ გააჩნია იმისთვის, რომ სურსათში პესტიციდების ნარჩენის რაოდენობა განსაზღვროს. როგორც ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტი ილია კუნჭულია bm.ge-სთან განმარტავს, ასეულობით აქტიური ნივთიერებაა, რომლის შემცველობაც სურსათში ვერ მოწმდება.

„რომ საქართველოში არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც სრულად შეძლებს ყველა ქვეყანაში დასაშვებად გამოყენებული პესტიციდის ნარჩენის რაოდენობის განსაზღვრას სურსათში. სურსათის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში გეგმის მიხედვით დადის მაღაზიებში, ბაზრებში, იღებს ნიმუშებს და ამოწმებს, არის თუ არა ზედმეტი რაოდენობის პესტიციდი. არასდროს არაფერი პრობლემა არ არის, რადგან იმ ჯგუფზე, რაზედაც ამოწმებენ ის პესტიციდები არ არის პრობლემა, მაგრამ იმის გარეშე ასეულობით აქტიური ნივთიერებაა, რაც გამოიყენება და ვერც კი მოწმდება ფაქტობრივად. მაგიტომ არ არის პრობლემა.

გარდა იმისა, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული პროდუქცია არ მოწმდება, არც იმპორტირებული პროდუქცია არ მოწმდება და რომც მოვთხოვოთ ფერმერებს ყველა წესის დაცვა, მაშინ იგივე წესები უნდა გავრცელდეს იმპორტზე, რაც ფიზიკურად შეუძლებელია.

ჩვენ გვქონია ასოციაციას შემთხვევა, როცა ათეულობით ნიმუში გაგვიგზავნია ევროპის ლაბორატორიებში და ძირითად შემთხვევაში პრობლემა ამოდის, რაღაც გარკვეული პესტიციდის ჭარბი რაოდენობა, რომელიც გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში“- აცხადებს კუნჭულია.

მისი თქმით, სურსათში პესტიციდების დიდი რაოდენობით შემცველობის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს. პირველ რიგში ფერმერების მხრიდან მათი გაუთვითცნობიერებული მოხმარება და ასევე აგრომაღაზიების მხრიდან აგრესიული მარკეტინგული კამპანია.

„[პესტიციდის ჭარბი მოხმარების] მიზეზი არის მრავალი, მათ შორის დაწყებული ფერმერის ცნობიერებიდან, იმ ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებიდან, რისი საშუალებითაც პესტიციდებს მოიხმარენ, დასრულებული აგრომაღაზიების მხრიდან აგრესიული მარკეტინგული კამპანიით, რომლის მიზანია გაყიდონ რაც შეიძლება მეტი პროდუქცია. კონსულტაცინტები ხშირად ფერმერებს ურჩევენ, გამოიყენონ უფრო მაღალი დოზა, ვიდრე ეტიკეტზეა მითითებული და უფრო მეტი სიხშირით, უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ. აქ აგრომაღაზიის ინტერესია, რომ მეტი გაყიდონ. ფერმერებსაც აქვთ ინტერესი, რომ მათი პროდუქცია იყოს დაცული“,-აცხადებს ილია კუნჭულია.

მისი განმარტებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა პესტიციდების მდგრადი გამოყენებისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ კანონი, რომელიც პესტიციდების შეძენას და მის შემდგომ გამოყენებას დაარეგულირებს. ჩნდება პროფესიონალი მომხმარებლის ცნება. მას შემდეგ რაც მთავრობა სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და მისი შესრულება სავალდებულო გახდება, მხოლოდ პროფესიონალი მომხმარებელი შეძლებს შესაბამისი სწავლებისა და სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ პესტიციდი იყიდოს და გამოიყენოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები