მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია. თუ აქამდე სახელმწიფო მოსავლის ამღები ტექნიკის ღირებულების 40%-ს ფარავდა, მიმდინარე წლის 18 მარტს გამოქვეყნებული მთავრობის შესაბამისი დადგენილებით,ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა, არაუმეტეს 30%-მდე შემცირდა, რაც არაუმეტეს 150,000 ლარია. სოფლის განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, რომ თანადაფინანსების პროცენტის შემცირების მიზეზი პროგრამის მოცვის გაფართოებაა, რადგან ფერმერების მხრიდან დიდი ინტერესია.
ამასთან დაკავშირებით ფერმერთა ასოციაციას რამდენიმე შენიშვნა აქვს. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ ითვალისწინებს რიგ გარემოებებს, კერძოდ, არ ხდება მათ შორის რეგიონული გადანაწილების კრიტერიუმის გათვალისწინება, რის გამოც რიგ რეგიონებში ტექნიკის სერიოზული დეფიციტია.
„ასეთი პროგრამები როდესაც იხსნება, რამდენიმე წუთში უკვე შევსებულია ბიუჯეტი და იკეტება, რაც დიდი დისკომფორტი გახლავთ ფერმერებისთვის, რადგან ამ კუთხით ფერმერების განსხვავება და ფერმერების საჭიროებების შეჯიბრებითობა არ არის წინა პლანზე წამოწეული, აქ არის წინა პლანზე ვინ უფრო დაასწრებს და არა ის საკითხი, რომელსაც უფრო სჭირდება ან რა სახის ტექნიკა სჭირდება უფრო მეტად. კარგია თუ გადაიხედება პროგრამა ამ კუთხითაც.მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თანადაფინანსების კოეფიციენტიც თუ იქნება მაღალი, ეს არის უფრო მეტად სასურველი“,- აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ბიზნესს საკუთარი სახსრებით საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენის რესურსი არ აქვს, ამიტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პროპორცია მინიმუმ თანაბარი უნდა იყოს.
„სურვილი, ვიდრე შენიშვნა მექნებოდა ის, რომ პროპორცია ფერმერსა და სახელმწიფოს შორის განსხვავებული იყოს, თანაბარი იყოს გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინდუსტრიის შექმნის პროცესში სახელმწიფოსაც დიდი წვლილი მიუძღვის. სასწორზე მთელი ეს წლების შრომა, ფინანსური რესურსი დევს, რომელიც ჩადებულია სახელმწიფოს და კერძო ბიზნესის მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდუსტრიები მოგებიანი გავხადოთ“,- აცხადებს თორნიკე ლათათია.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ დროისთვის განაცხადების მიღება შეჩერებულია. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შემდეგ პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აპრილის დასაწყისში განახლდება.
მართალია სახელმწიფოს პროცენტული თანადაფინანსება შემცირდა, თუმცა წელს 7 მილიონიდან 20 მილიონამდე გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რაც მათი განმარტებით, ხელს შეუწყობს მისი მოცვის გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამა 2019 წლიდან მოქმედებს და გაცემული თანადაფინანსება ჯამში უკვე შეადგენს 120 მილიონ ლარს.