“მაკდონალდს საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ მომავალ წელს განათლების და სპორტის მიმართულებით სპეციალური ფონდისთვის 7-8 მლნ ლარი გამოიყოფა. ჭყონია ამბობს, რომ წელს მხოლოდ განათლების მიმართულებით 3 მლნ-ზე მეტია დახარჯული. საკითხზე მან BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„რა არის ინვესტიცია? ეს არ არის მხოლოდ ფინანსური, არამედ ეს არის გონებრივი, კულტურული, ტექნიკური ინვესტიცია. როცა ვსაუბრობთ, რომ ჩვენი, ქართული იდენტობა და კულტურა უნდა გავიტანოთ ევროპაში, ეს არის ქართული კულტურის ინვესტირება ევროპაში. ინვესტიცია მარტო ის არ არის, ბანკიდან სესხი გამოიტანო და ბეტონის ქარხანა ააშენო. ეგრე არ გამოვა. წელს 3 მლნ-ზე მეტი გვაქვს სიმპოზიუმებზე დახარჯული და ვნახეთ, რომ ამას სერიოზული ეფექტი აქვს, დადებითი შეფასებები მოჰყვა. ამიტომ ჩვენ მომავალ წელს გვექნება განათლების სპეციალური ფონდი, რადგან ვნახეთ შედეგები.
ვიყავით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, და იქ დამწყებ სტუდენტებს ფინანსური დახმარება გავუწიეთ. ახლა მივდივართ, ქუთაისში მათემატიკური სკოლაში, სადაც დაახლოებით 320 000 ლარის ინვესტიციას ვაპირებთ, რომ გავულამაზოთ რაღაცები. ილიას უნივერსიტეტში ძალიან სერიოზული თემები გვაქვს, ლაბორატორიას ვხსნით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ გვექნება სპეციალური ფონდი, როგორც განათლების, ისე სპორტის [მიმართულებით]. მე ვფიქრობ, ფონდისთვის დაახლოებით 7-8 მლნ ლარამდე გამოვყოთ, რომ განათლების სისტემაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ეს იყოს არა მარტო რაღაცის გარემონტება და შეკეთება, არამედ დავეხმაროთ მაგალითად სტუდენტებს, რომლებიც საჭიროებენ სწავლის დაფინანსების ხელშეწყობას“, - თქვა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენმა სპორტის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით თაობათა ცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის მიმართულებით, პროგრამები გრძელდება.
„წარმოუდგენელი თაობა წამოვიდა სპორტში, მე მიხარია, რომ შეიცვალა თაობა. თაობათა ცვლა არ ნიშნავს, რომ მამა გარდაიცვლება და შვილი დადგება მის ადგილას, თაობათა ცვლა ნიშნავს მენტალურ ცვლილებას. როცა წარსული გამოცდილებით, მაგიდაზე ხელების რტყმით და შეჭმუხნილი წარბებით გინდა მართვა, ეს თაობა უკვე მოსაცილებელია. შვილებმა უნდა მოსთხოვონ მამებს, რომ მათ დაისვენონ და შვილები მართავენ. რადგან მათ სხვა სკოლა აქვთ დამთავრებული, სხვა მეგობრები ჰყავთ, აბსოლუტურად სხვა განათლება აქვთ. ჩემს შვილიშვილს ვერ ველაპარაკები, იმიტომ რომ ყველაფერში იმარჯვებს. რომ დამიწყებს ლაპარაკს, გავრბივარ ხოლმე, რადგან გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს გაგებული ყველაფერზე, ვიდრე - მე. ჩემი თანამშრომლები ჩემზე მაგრები არიან“, - თქვა თემურ ჭყონიამ.