მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალ წელს საცხოვრებელ ბინებზე საშუალო გასაყიდმა ფასმა შესაძლოა, კვ.მ-ზე $1400-1500 მიაღწიოს - "პროსპექტი"

უძრავი ქონება

უძრავი ქონების საკონსულტაციო და გაყიდვების კომპანია „პროსპექტში“ ელიან, რომ მომავალ წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებზე ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო გასაყიდმა ფასმა შესაძლოა, $1400-1500-ს მიაღწიოს.

როგორც კომპანიის პარტნიორმა ლევან ელიზბარაშვილმა BMG-ის განუცხადა, უძრავი ქონების ფასებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მომავალს წელს ფასების ზრდაა მოსალოდნელი, სამშენებლო სექტორში დანერგილი ახალი სტანდარტებია.

მისი თქმით, უძრავი ქონების თვითღირებულება მზარდია, თუმცა საბოლოოდ, რა ტემპით გაძვირდება საცხოვრებელი ბინები, ეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეცაა დამოკიდებული.

„უძრავი ქონების ბაზარზე წელს საკმაოდ საინტერესო, რთული და ბუნდოვანი ვითარებაა. ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს უძრავი ქონების ფასებზე. ესაა რეგულაციები, რომელსაც სახელმწიფო აწესებს, ესაა თვითონ მშენებლობის ღირებულება და მომსახურების ფასები, ასევე მოთხოვნა ბაზარზე.

სამშენებლო სექტორში უკვე დანერგილი და მოსალოდნელი რეგულაციებიდან გამომდინარე, ფასები ვერანაირად ვერ წამოვა ქვემოთ. ესაა მშენებლობის სტანდარტთან დაკავშირებული რეგულაციები, ენერგოეფექტურობის მოთხოვნები, რაც დამატებით დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, სწორედ ეს სტანდარტები 20-30%-ით გაზრდის მშენებლობის თვითღირებულებას. რაც შეეხება თავად გასაყიდ ფასს, ამჟამად დედაქალაქში ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო ფასი $1300 დოლარის ფარგლებშია. ვვარაუდობ, რომ მომავალი წლიდან დაახლოებით $1400-1500-მდე გაიზრდება ეს მაჩვენებელი. ზოგადად, ბაზარზე ინფლაციაა, სამშენებლო მასალების, მიწის ღირებულების და მუშახელის ნაწილში, ამ ყველაფერს კი რეგულაციებიც ემატება.

თუმცა საბოლოოდ ფასები მაინც მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება შესაბამისი მოთხოვნა და რამდენად მიიღებს ამ ფასებს მყიდველი. თუ აღმოჩნდება, რომ შესაბამისი მოთხოვნა არ იქნება ბაზარზე, მაშინ კომპანიებს ფასების მნიშვნელოვნად ზრდის საშუალება არ ექნებათ, საკუთარ მოგების მარჟას გადახედავენ და ფასი ისე მკვეთრად აღარ მოიმატებს“, - განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები